HomeUncategorized

მეორე რჯული 24

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
241 თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის წერილი და მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. 2 და გავა ქალი მისი სახლიდან, და წავა და გათხოვდება სხვა კაცზე. 3 და თუ შეიძულა იგი ამ ბოლო ქმარმაც, და დაუწერა მას განქორწინების წერილი, და მისცა მას, და გაუშვა იგი თავისი სახლიდან, ან თუ მოკვდება ეს უკანასკნელი ქმარი, რომელმაც იგი მოიყვანა ცოლად, 4 არ შეუძლია მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, კვლავ მიიყვანოს იგი ცოლად, მას შემდეგ, რაც წაიბილწა, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე. და ნუ გარყვნი ქვეყანას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ. 5 თუ კაცს ახლად შერთული ცოლი ჰყავს, ნუ გავა ლაშქარში და ნუ დაევალება მას ნურაფერი. ერთი წელი თავისუფალი იყოს თავის სახლში და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც შეირთო. 6 არავინ აიღოს გირაოდ დოლაბები. სულის დამგირავებელი იქნება იგი. 7 თუ აღმოჩნდება კაცი, რომელმაც მოიპარა თავისი მოძმე, ისრაელის ძე, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, მოკვდეს ის ქურდი. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. 8 უფრთხილდი კეთრის წყლულს, რათა ზუსტად დაიცვა და შეასრულო ყველაფერი დასაცავად, და რასაც თქვენ გასწავლიან ლევიანი მღვდლები. რაც მე ვუბრძანე მათ, დაიცავით შესასრულებლად. 9 გაიხსენე, თუ რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით. 10 თუ შენს მოყვასს რაიმეს ასესხებ, არ შეხვიდე მის სახლში მისგან გირაოს წამოსაღებად: 11 გარეთ დადექი და კაცი, ვისაც შენ ასესხე, გარეთ გამოგიტანს გირაოს. 12 და თუ იგი ღარიბი კაცია, მისი გირაოთი ნუ დაიძინებ; 13 უნდა დაუბრუნო მას გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავისი სამოსლით და დაგლოცოს, და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის, წინაშე. 14 ნუ შეავიწროებ მოჯამაგირეს, ღარიბს და გლახაკს, შენი მოძმეთაგანი იქნება იგი თუ შენი ხიზანთაგანი, რომელიც შენს ქვეყანაშია, შენს კარიბჭეებში; 15 იმავე დღეს მიეცი თავისი გასამრჯელო, ვიდრე მზე ჩავა, რადგან ღარიბია და ნატრობს მისი სული მას. არ შეჰღაღადოს უფალს შენზე და შენზე არ იყოს ცოდვა. 16 მამები არ უნდა მოიკლან შვილების ცოდვებისათვის, და შვილები არ უნდა მოიკლან მამებისათვის. არამედ თითოეული თავისი ცოდვის გამო მოიკლას. 17 ნუ გაამრუდებ ხიზნისა და ობლის სამართალს, და ნუ აიღებ გირაოდ ქვრივის სამოსელს. 18 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და გიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას. 19 როცა მომკი სამკალს ყანაში და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღარ გაბრუნდები მის ასაღებად. ხიზნისთვის, ობლისა და ქვრივისათვის იყოს ის, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში. 20 როცა ჩამობერტყავ ზეთისხილს, ნუღა მიუბრუნდები ტოტებს: ხიზნის, ობლისა და ქვრივისათვის იყოს. 21 როცა აიღებ ვენახის მოსავალს, ნუღა მოიმცვრევ დარჩენილ ნაყოფს: ხიზნის, ობლისა და ქვრივისათვის იყოს. 22 და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის აღსრულებას.
თავი ოცდამესამე                                                                                                                              თავი ოცდამეხუთე

COMMENTS