HomeUncategorized

მეორე რჯული 15

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
151 ყოველი მეშვიდე წელს პატიება ყავ. 2 აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, რომელიც სესხს მისცემს თავის მოყვასს, და არ გადაახდევინოს თავის მოყვასს და თავის ძმას, რადგან ცხადდება პატიება უფლისათვის. 3 უცხოელს გადაახდევინე, მაგრამ რაც შენი ემართოს შენს ძმას, უნდა აპატიოს შენმა ხელმა. 4 თუმცა არავინ იქნება შენთან გლახაკი, რადგან კურთხევით გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, 5 ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა შესასრულებლად ყველა ის მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. 6 რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, გაკურთხებს, როგორც გაუწყა, და შენ ასესხებ მრავალ ხალხს, და შენ კი არ ისესხებ. შენ იბატონებ ბევრ ხალხებზე, ისინი კი არ იბატონებენ შენზე. 7 თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი ძმათაგანი, ერთ-ერთ შენს კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გაიქვაო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი გლახაკი ძმის მიმართ, 8 არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება. 9 გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: „მოახლოვდა მეშვიდე წელი, წელიწადი პატიებისა”, და არ აითვალწუნო შენი გლახაკი ძმა და უარი არ უთხრა მას. ის შეჰღაღადებს შენზე უფალს და შენზე იქნება ცოდვა. 10 მიცემით მიეცი მას, და მიცემისას ნუ იწუხებს შენი გული, რადგან გაკურთხებს ამისათვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმეში და შენი ხელის ყოველ ნაამაგარში. 11 რადგან არ დაილევა გლახაკი ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ შენს ქვეყანაში. 12 თუ მოგეყიდოს ებრაელი, ქალი ან კაცი, გემსახუროს ექვსი წელი, და მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე შენგან. 13 და როცა გაათავისუფლებ შენგან, არ გაუშვა ხელცარიელი: 14 დაასაჩუქრე შენი ფარიდან, შენი კალოდან და შენი საწნახლიდან. რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, მიეცი მას. 15 გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამისათვის გიბრძანებ ამ სიტყვას დღეს. 16 და თუ გითხრას: „არ წავალ!”, რადგან შეგიყვარა მან შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგად იყო შენთან, 17 მაშინ აიღე სადგისი და ყური გაუხვრიტე კარზე, და შენი მსახური იყოს საუკუნოდ. და შენს მხევალსაც ასე მოექეცი. 18 საძნელოდ ნუ გეჩვენება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან მოჯამაგირის ორმაგი ქირა დაიმსახურა შენგან ექვს წელიწადში. და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველივეში, რასაც გააკეთებ. 19 შესწირე უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმოგებული, რომელიც მამალი დაიბადება წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელში. არ ამუშაო შენი პირველმოგებული ხარი და არ გაპარსო წვრილფეხა პირუტყვის პირველმოგებული. 20 უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ჭამეთ იგი ყოველწლიურად შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი. 21 და თუ რამე ნაკლი ჰქონდეს, სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ხინჯი, ნუ შესწირავ მას უფალს, შენს ღმერთს. 22 შენს კარიბჭეებში შეჭამე იგი. გაუწმიდურებულსაც და განწმედილსაც შეუძლია ჭამოს იგი, როგორც ქურციკი და ირემი. 23 ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე.
თავი მეთოთხმეტე                                                                                                                         თავი მეთექვსმეტე

COMMENTS