მიწა, როგორც ღვთიური ძღვენი ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:9-10
თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი“. და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს – ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 12:7
გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას“. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.

დაბადება 12:1
უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.

დაბადება 13:15-17
რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე. მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება. ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას“.

დაბადება 17:8
მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანს, სამარადისო სამფლობელოდ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი“.

დაბადება 24:7
უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.

გამოსვლა 23:31
გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.

რიცხვნი 34:1-12
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: „უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდრებლად, ქანაანის ქვეყანა მისი საზღვრებით,  სამხრეთის მხარედ გექნებათ ცინის უდაბნო ედომის ნაპირებით; სამხრეთის საზღვარი მარილოვანი ზღვის ბოლოდან აღმოსავლეთის მიმართულებით გექნებათ. სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გაუხვევს თქვენი საზღვარი, გაივლის ცინისკენ და სამხრეთით კადეშბარნეაყს მიებჯინება, ხაცარადარისკენ გავა და ჩაუვლის ყაცმონს. ყაცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ გაუხვევს საზღვარი და ზღვას მიებჯინება. დასავლეთის საზღვრად დიდი ზღვის სანაპირო გექნებათ; ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან ჰორის მთისკენ გაატარეთ იგი. ჰორის მთიდან ხამათის მისადგომამდე გაატარეთ, მიებჯინება საზღვარი ცედადს; ზიფრონისკენ გავა საზღვარი და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად. აღნიშნეთ თქვენთვის ხაზი აღმოსავლეთის საზღვრისთვის ხაცარ-ყენანიდან შეფამის მიმართულებით, შეფამიდან რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით დაეშვება საზღვარი და ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან შეეხება. იორდანესკენ ეშვება საზღვარი და მარილოვან ზღვას ებჯინება. ეს იქნება თქვენი ქვეყნის საზღვრები ყოველი მხრიდან“.

დაბადება 28:13
აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.

დაბადება 35:12
ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაჰამს და ისაკს, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია“.

გამოსვლა 3:7-8
უთხრა უფალმა: „ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი. და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.

გამოსვლა 6:4
აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.

გამოსვლა 13:5
ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.

გამოსვლა 33:1-3
უთხრა უფალმა მოსეს: „აიყარეთ ახლა აქედან და წადით, შენ და ხალხი, ეგვიპტის მიწიდან რომ გამოიყვანე, ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.’ წაგიმძღვარებ წინ ანგელოზს და განვდევნი ქანაანელებს, ამორელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს. ქვეყნისკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი; თვითონ მე კი აღარ ვივლი შენ შორის, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ, ვაითუ მოგსპო გზაში“.

რიცხვნი 13:21-25
და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები“. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ. ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე. წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი. და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი – მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.

რიცხვნი 13:27-33
წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები. უამბეს და უთხრეს: „მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები. მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ. ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ“. გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: „წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა“. მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: „ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი“. ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ – ახოვანი.

იესო ნავეს ძე 1:2
„მოსე, ჩემი მსახური, გარდაიცვალა; ახლა ადექი და მთელ ხალხთან ერთად გადალახე იორდანე იმ ქვეყნისკენ, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეებს.

იესო ნავეს ძე 2:1
ორი მსტოვარი გაგზავნა ფარულად იეშუა ნავეს ძემ შიტიმიდან და უთხრა მათ: „წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო“. წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავი ქალის, სახელად რახაბის სახლში და იქ გაათიეს ღამე.

იესო ნავეს ძე 13:1
მოხუცდა იეშუა, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: „მოხუცდი შენ და ხანში შეხვედი, მიწა კი ძალიან ბევრი რჩება დასამკვიდრებელი;

იესო ნავეს ძე 7:2
წარგზავნა იეშუამ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც ბეთავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით იყო და უთხრა: „ადით და დაზვერეთ ქვეყანა“. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.

იესო ნავეს ძე 8:1
უთხრა უფალმა იეშუას: „ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.

იესო ნავეს ძე 9:1-2
როცა ესმათ იორდანეს გაღმა მთაში და დაბლობზე მყოფ მეფეებს, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე ლიბანამდე – ხეთელებს, ამორელებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, ერთად შეიკრიბნენ იეშუასა და ისრაელთან შესაბრძოლებლად.

იესო ნავეს ძე 10:39-30
გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედადან ლიბნასკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას. ხელში ჩაუგდო უფალმა ლიბნაც და მისი მეფეც; მახვილის პირით განგმირა იგი და მასში მყოფი ყოველი სუდგმული; არ დატოვა არც ერთი სულიერი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა.

იესო ნავეს ძე 13:2-6
ეს არის მიწა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა ყველა მხარე და მთელი გეშური; ეგვიპტის მოპირდაპირე შიხორიდან ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანის კუთვნილებად ითვლება; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზის, აშდოდის, აშკელონის, გათისა და ყეკრონის ანუ ყავიმისა. ქანაანელთა მთელი მიწა სამხრეთით და სიდონელთა გვერდით მეყარადან აფეკამდე, ამორელთა საზღვრამდე; გიბლელთა მიწა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლისკენ, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირში, ხამათის შესასვლელამდე. მთის ყველა მკვიდრს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდე და ყოველ სიდონელს განვდევნი ისრაელის ძეთაგან. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე მიწები ისრაელს, როგორც ნაბრძანები მაქვს.

იესო ნავეს ძე 14:12
ახლა მომეცი ეს მთა, რომელზეც თქვა იმ დღეს უფალმა; რადგან შენ მოისმინე იმ დღეს, რომ ყენაკელნი იყვნენ იქ, დიდი და გამაგრებული ქალაქებით; ეგებ უფალი იყოს ჩემთან და გავნდევნო ისინი, როგორც ბრძანა უფალმა“.

იესო ნავეს ძე 15:11
ყეკრონის ჩრდილო მხარისკენ გადიოდა საზღვარი, შოქრონისკენ უხვევდა, ბაყალას მთაზე გადადიოდა და იაბნელამდე აღწევდა, ზღვასთან კი ბოლოვდებოდა.

1 მეფეთა 4:10-11
ეებრძოლნენ ფილისტიმელები და გაანადგურეს ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; ფრიად დიდი იყო მარცხი, ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.  წაიღეს ღვთის კიდობანი; და დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი, ხოფნი და ფინხასი.

1 მეფეთა 31:1
დაეწივნენ ფილისტიმელნი საულს და მის ძეებს და განგმირეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი – საულის ძენი.

2 მეფეთა 7:1
როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.

2 მეფეთა 8:1-6
ამის შემდეგ მოსრა დავითმა ფილისტიმელნი და დაიმორჩილა ისინი. და გამოგლიჯა დავითმა ქალაქი მეთეგ ამა ფილისტიმელთა ხელს. დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი – ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი. დაამარცხა დავითმა ჰადადყეზერი, ცობას მეფე, რეხობის ძე, როდესაც ევფრატის მდინარეზე თავისი მმართველობის აღსადგენად მიდიოდა იგი. წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ძარღვები გადაუჭრა დავითმა საეტლე ცხენებს, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა. მოვიდნენ დამასკოელი არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად და გაჟლიტა დავითმა არამელთა ოცდაორი ათასი კაცი. მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა დავითმა დამასკოს არამს და მონებად და მსახურებად გაუხდნენ არამელნი დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.

3 მეფეთა 5:4
ახლა კი ყოველმხრივ მომასვენა უფალმა, ჩემმა ღმერთმა: აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე.

იერემია 44:22
ვეღარ შეძლო უფალმა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლეები მოეთმინა, რომლებიც ჩაიდინეთ; ამიტომ იქცა თქვენი ქვეყანა ნანგრევებად, უდაბურად და წყევლად, როგორც დღეს არის.