ძველი აღთქმა
1 მეფეთა
41 მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან. ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ. 2 დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ. გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან. ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე. 3 ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.” 4 გაგზავნა ხალხმა შილოში და მოიტანეს იქიდან ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი. ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინხასი ახლდა უფლის აღთქმის კიდობანს. 5 როცა ღვთის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მაღალი ხმით იგრიალა მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა. 6 მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: „ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში?” შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოვიდა ბანაკში. 7 შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: „ღმერთი მოვიდა ბანაკში! ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა. 8 ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთების ხელიდან? ეს ისინი არიან, ის ღმერთები, ეგვიპტელები რომ მუსრეს უდაბნოში ყოველგვარი სამუსვრელით. 9 გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან ისინი. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.” 10 და შეებრძოლნენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი, და გაიქცნენ თავთავიანთ კარვებში. მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან. 11 წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი – ხოფნი და ფინხასი. 12 გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში. სამოსელი შემოეგლიჯა და მტვერი ეყარა თავზე. 13 მოვიდა და აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და ღაღადყო მთელმა ქალაქმა. 14 მოესმა ღაღადების ხმა ყელის და თქვა: „ეს რა ხმაურია?” ისწრაფა იმ კაცმა და ყველაფერი უამბო ყელის. 15 ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა. 16 უთხრა კაცმა ყელის: „ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი.” ჰკითხა: „რა მოხდა, შვილო?” 17 მიუგო მაცნემ და უთხრა: „უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც, ხოფნი და ფინხასი, დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.” 18 როგორც კი ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ყელი სკამიდან კარისკენ, კეფა გაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში. 19 მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, და როცა გაიგო ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწიეს მშობიარობის ტკივილებმა. 20 როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომი ქალები: „ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლა.” მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული 21 დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი, და თქვა: „გადაიხვეწა დიდება ისრაელისა”, – უფლის კიდობნის წაღებით და მისი მამათილისა და ქმრის სიკვდილის გამო.” 22 თქვა: „განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.”
COMMENTS