HomeUncategorized

რიცხვნი 13

ძველი აღთქმა
რიცხვნი
131 და შემდეგ აიყარა ხალხი ხაცეროთიდან და დაბანაკდა ფარანის უდაბნოში. 2 და უთხრა უფალმა მოსეს, ასე: 3 „გაგზავნე კაცები და დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ. თითო კაცი თავისი მამის ტომიდან გაგზავნეთ, ყოველი მთავარი მათ შორის.” 4 და გაგზავნა ისინი მოსემ ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ესენი იყვნენ კაცნი, ისრაელის ძეთა მთავარნი. 5 და აჰა, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან შამუაყი, ძე ზაქურისა. 6 სიმონის ტომიდან შაფატი, ძე ხორისა. 7 იუდას ტომიდან ქალები, ძე იეფუნესი. 8 ისაქარის ტომიდან იგალი, ძე იოსებისა. 9 ეფრემის ტომიდან ოსია, ძე ნავესი. 10 ბენიამინის ტომიდან ფალტი, ძე რაფუსი. 11 ზებულუნის ტომიდან გადიელი, ძე სოდისა. 12 იოსების ტომიდან, გადი, ძე სუსისა, მენაშეს მხრიდან. 13 დანის ტომიდან ყამიელი, ძე გემალისა, 14 აშერის ტომიდან სეთური, ძე მიქაელისა. 15 ნაფთალის ტომიდან ნახბი, ძე ვოფსისა. 16 გადის ტომიდან გეუელი, ძე მაქისა. 17 აჰა, სახელები კაცებისა, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად. და უწოდა მოსემ ოსიას, ნავეს ძეს, იესო. 18 და გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად, და უთხრა მათ: „წადით ნეგებისაკენ და ადით მთაზე, 19 და იხილეთ ქვეყანა, როგორია იგი, და ხალხი, რომელიც ცხოვრობს მასში, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი? 20 და როგორია ქვეყანა, რომელშიც იგი ცხოვრობს, კარგია თუ ცუდი? და როგორია ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში? 21 და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი? არის მასზე ხე, თუ არა? იყავით გულადნი და წამოიღეთ ქვეყნის ნაყოფთაგან.” და იყო მაშინ დრო ყურძნის მწიფობისა. 22 და ავიდნენ ისინი და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე. 23 და წავიდნენ ნეგებისაკენ, და მივიდნენ ხებრონამდე. და იყვნენ იქ ახიმანი, შეშაი და თალმაი, ყენაკის ძენი. (და ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე შვიდი წლით ადრე აშენდა). 24 და მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, და იქ მოჭრეს ვაზის რტო და ყურძნის ერთი მტევანი და წამოიღო იგი ორმა კაცმა ლატნით. ასევე წამოიღეს ბროწეული და ლეღვი. 25 იმ ადგილს უწოდეს ნახალ-ეშქოლი, იმ მტევნის გამო, რომელიც მოჭრეს იქ ისრაელის ძეთ. 26 და დაბრუნდნენ ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ. 27 და წამოვიდნენ, მივიდნენ მოსესთან და აარონთან, და ისრაელის ძეთა მთელ თემთან ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუთხრეს მათ ამბავი მთელ თემს, და აჩვენეს მათ იმ ქვეყნის ნაყოფი. 28 და მოუთხრეს მას და უთხრეს: „მივედით ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც შენ მიგვავლინე, და ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი, და აჰა, ნაყოფი მისი. 29 მაგრამ ძლიერია ხალხი, რომელიც ცხოვრობს იმ ქვეყანაში, და ქალაქები გამაგრებულია, დიდია ფრიად. და აგრეთვე ყენაკის ძენი ვიხილეთ იქ. 30 ყამალეკი მკვიდრობს ნეგების ქვეყანაში, ხეთელნი, იებუსეველნი და ამორეველნი მკვიდრობენ მთაზე, ხოლო ქანაანელნი მკვიდრობენ ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე.” 31 ქალებმა დაამშვიდა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: „ასვლით ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.” 32 და კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ასულნი, თქვეს: „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან იგი ჩვენზე ძლიერია.” 33 და ცუდი ხმები დაყარეს ისრაელის ძეთა შორის იმ ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს, და თქვეს: „ქვეყანა, რომელიც დასაზვერად მოვიარეთ, არის ქვეყანა, რომელიც ჭამს მასზე მცხოვრებთ. და მთელი ხალხი, რომელიც ვიხილეთ იქ, ახოვანი ადამიანები არიან. 34 და იქ ვიხილეთ გოლიათებიც, ყენაკის ძენი, გოლიათთაგანნი. და ჩვენ გამოვჩნდით ჩვენს თვალში კალიებივით, და ასეთნაირად ვჩანდით მათ თვალშიც.”
თავი მეთორმეტე                                                                                                                     თავი მეთოთხმეტე

COMMENTS