Homeდაბადება

დაბადება 1

ძველი აღთქმა
დაბადება

11 დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. 2 და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე. 3 და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი. 4 და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. 5 და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე. 6 და თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად”. 7 და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე. 8 და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო და იყო დილა – მეორე დღე. 9 და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე. 10 და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე. 12 და აღმოაცენა მიწამ მცენარე, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 13 და იყო საღამო და იყო დილა – მესამე დღე. 14 და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი. 15 და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას”. და იქმნა ასე. 16 და გააჩინა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო მოზრდილი მნათობი – დღის განმგებლად, და უფრო მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები. 17 და დასხა ისინი ცის მყარზე მიწის გასანათებლად, 18 რათა განეგოთ დღე და ღამე და გაეყარათ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 19 და იყო საღამო და იყო დილა – მეოთხე დღე. 20 და თქვა ღმერთმა: „აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე”. 21 შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი, და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 22 და აკურთხა ისინი ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე”. 23 და იყო საღამო და იყო დილა – მეხუთე დღე. 24 და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.” და იქმნა ასე. 25 და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა – მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26 და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში”. 27 და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. 28 და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს”. 29 და თქვა ღმერთმა: „აჰა, მოგეცით თქვენ ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა, და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია – საჭმელად; 30 და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად”. და იქმნა ასე. 31 და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.                                                                                                                                                                  თავის მეორე

COMMENTS