ძველი აღთქმა
3 მეფეთა
51 და გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, თავისი მსახურნი სოლომონს, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად, ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო მთელი სიცოცხლე. 2 და შეუთვალა სოლომონმა ხირამს: 3 „შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღმერთის, სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი. 4 ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე. 5 აჰა, ვფიქრობ, ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღვთის, სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს. 6 ახლა ბრძანე, რომ ნაძვის ხეები მომიჭრან ლიბანში, ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან, და მე მოგცემ შენს მსახურთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს”. 7 როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხისთვის.” 8 და შეუთვალა ხირამმა სოლომონს: „მოვისმინე, რაც შემომითვალე. ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი ნაძვისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე. 9 ჩემი მსახურნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ. იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.” 10 და უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად ნაძვისა და კვიპაროსის ხეებს. 11 ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მისი სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე. 12 და მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის, და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან. 13 და დაადო ბეგარა სოლომონმა მთელს ისრაელს: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე. 14 და გზავნიდა მათ ლიბანში – თვეში ათი ათას კაცს, მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავ-თავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას. 15 სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვის მჭრელი მთაში, 16 გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ. 17 და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები. სახლის საძირკვლისათვის, მოპირკეთებული ქვები, 18 რომელთაც თლიდნენ სოლომონის ხელოსნები, ხირამის ხელოსნები და გებალელები, და ამზადებდნენ ხეებსა და ქვებს სახლის ასაგებად.
COMMENTS