ფსალმუნები 95:2-3
უმღერეთ უფალს, აკურთხეთ მისი სახელი, დღითიდღე ახარეთ ხსნა მისმიერი. აუწყეთ ერებს მისი სიდიადე, ყოველ ხალხს მისი სასწაულები.
1 ნეშტთა 16:23-24
მთელი დედამიწა უგალობდეს უფალს, მისი ხსნის სიკეთე გამოაცხადეთ ყოველ დღე. ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში – მისი სასწაულები.
მათეს 28:19
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
მარკოზის 16:15
უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.
იოანეს 20:21
ხელახლა უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.
საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
ესაია 6:8-10
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!” თქვა: „წადი და უთხარი ხალხს, სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით! დაასუქე ამ ხალხის გულები, ყურები დაუმძიმე და თვალები დაუბნელე, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს და გულით ვერ გებულობდეს, რათა არ მოექცეს და არ განიკურნოს”.
2 პეტრეს 2:5
არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
იერემია 2:1-4
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: „წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში. უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” – ამბობს უფალი. ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო ოჯახო.
ეზეკიელი 2:3
მითხრა: „ძეო კაცისავ! გაგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამიჯანყდნენ. დღემდე სცოდავენ ჩემ წინაშე თვითონაც და მათი მამებიც.
4 მეფეთა 17:27-28
ბრძანა აშურის მეფემ: „წაიყვანეთ იქ ვინმე მღვდელი, იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს, იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება”. მივიდა იქ ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული. ცხოვრობდა ბეთელში და ასწავლიდა მათ უფლის მოშიშებას.
ესაია 49:6
მითხრა: „არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.
საქმეები 13:47
ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
ამოსი 7:15
მაგრამ წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.
იონა 1:1-2
და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ!”
იონა 3:1-2
მეორედ იყო უფლის სიტყვა იონას მიმართ; უთხრა: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და ის აუწყე, რასაც მე გეტყვი!”
იოანეს 1:6-7
იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
მალაქია 4:4-5
გახსოვდეთ მოსეს, ჩემი მსახურის რჯული, წესდებანი და სამართალნი ხორებზე რომ გამოვუცხადე, მთელი ისრაელისთვის. აჰა, გამოგიგზავნით წინასწარმეტყველ ელიას უფლის უდიდესი და საშინელი დღის მოსვლამდე.
მარკოზის 1:2-4
როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
ლუკას 9:1-6
მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად. მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად. უთხრა მათ: „გზაში არაფერი წაიღოთ, არც კვერთხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად”. გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.
მათეს 10:5-16
ეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით; ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი. რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა. ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
მარკოზის 6:7-11
მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე. და დაარიგა, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა კვერთხისა: არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი. და ეუბნებოდა: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან; თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან გამოსვლისას, თქვენი ფეხიდან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორასთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის”.
ლუკას 1:10
ამის შემდეგ სხვა სამოცდაათი ამოარჩია უფალმა და ორ-ორი მიავლინა წინასწარ, ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.
საქმეები 11:19-20
სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა. თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს.
საქმეები 8:4-5
მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ. ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
საქმეები 18:24
ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში.
საქმეები 26:15-18
მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ, რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.
იერემია 1:4-10
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: „სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში”. მივუგე: „ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”. მომიგო უფალმა: „ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ. ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” – ამბობს უფალი. გამოიწოდა ხელი უფალმა, შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა: „აი, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვები. აჰა, დაგაყენე დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და დაამსხვრიო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო”.
მათეს 4:19
უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
საქმეები 8:26
უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: „ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება”.
საქმეები 22:21
მითხრა: წადი, შორს გაგზავნი წარმართებთან”.
საქმეები 13:2-3
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
საქმეები 14:26-27
იქიდან უკან, ანტიოქიისკენ გასცურეს, სადაც ღვთის მადლს გადაეცნენ იმ საქმისთვის, მათ რომ აღასრულეს. ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
საქმეები 15:40
ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
საქმეები 22:14-15
მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა. რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.
გალატელთა 2:7-9
პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის ისევე, როგორც პეტრეს წინადაცვეთილთათვის, – რადგან ვინც პეტრეში მოქმედებდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემში მოქმედებდა წარმართებთან მოციქულობაში – და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.
დაბადება 45:4-5
უთხრა ძმებს იოსებმა: „მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ. ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
დანიელი 1:3-6
უბრძანა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთუხუცესს, რომ მიეგვარა მისთვის ისრაელის ძენი სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან; უნაკლო, კარგი შესახედაობის და ყოველგვარ სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა შეეძლებოდათ. და განუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის რჩეული სუფრიდან და იმ ღვინიდან, თვითონ რომ სვამდა. ბრძანა, სამი წლის განმავლობაში განესწავლათ ისინი და მერე წარედგინათ მეფისთვის. იყვნენ მათ შორის იუდას ძეთაგან: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
საქმეები 4:18-20
დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: „თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს? ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.
1 კორინთელთა 9:16
ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.