Homeბიბლიაახალი აღთქმა

მარკოზის 6

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
იესოს უარყოფა ნაზარეთში

61 და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალნი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდან აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით? ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისის დები?  ცდუნდებოდნენ მასში. უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისის სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა.“ ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა. უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.

თორმეტის მისია

და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე. და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი. 10 უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. 11 თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“ 12 და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება. 13 სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ.

იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა


14
 ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში. 15 ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბოდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. 16 ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით.“ 17 რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი. 18 რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად.“ 19 ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო. 20 რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდება ყურს. 21 დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდე თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს. 22 შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“ 23 და აღუთქვა მას:  „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი.“ 24 გამოვიდა უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან. 25 და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი.“ 26 შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება. 27 მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. 28 და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა. 29 გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.

ხუთი ათასი კაცის გაძღება

30 შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. 31 უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. 32 და წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. 33 დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. 34 გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. 35 უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა. 36 გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბასოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო.“ 37 მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი.“ მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?“ 38 უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი.“ 39 მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე. 40 დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. 41 აიღო პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. 42 ყველამ ჭამა და გაძღა. 43 დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს. 44 პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო.

ფეხით სიარული წყალზე

45 მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. 46 ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად. 47 და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. 48 და დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო. ღამის მეორე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღავზე სიარულით. და უნდოდა მათვის გვერდი აევლო. 49 ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს. 50 ყველამ დაინახ იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: ,,გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 51 და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და უფრო უკვირდათ, 52 ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გონება დახშოდათ.

კურნებანი გენესარეთის მხარეში

53 გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას, და ჩაუშვეს ღუზა. 54 როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. 55 შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო. 56 სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსელი კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.

თავი მეხუთე                                                                                                                                       თავი მეშვიდე

COMMENTS