Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 20

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
იესოს მკვდრეთით აღდგომა

201 ერთ შაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ–პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: ,,უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“ მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა. სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა,  რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10 წავიდნენ კვლავ თავ–თავისთვის მოწაფეები.

იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს

11 მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. ტირილით დაიხარა სამარხისკენ 12 და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესო გვამი ესვენა. 13 უთხრა მას: ,,ქალო, რატომ სტირი?“ ეუბნება მათ: ,,ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“ 14 ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15 ეუბნება მას იესო: ,,ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: ,,ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ 16 ეუბნება მას იესო: ,,მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: ,,რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო) 17 ეუბნება მას იესო: ,,არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.“ 18 მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას.

იესო ეცხადება მოწაფეებს

19 იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: ,,მშვიდობა თქვენდა!“ 20 ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.  21 კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ 22 ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: ,,მიიღეთ სულიწმიდა. 23 ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“

იესო და თომა

24 თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა. 25 უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: ,,ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: ,,თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ. 26 რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: ,,მშვიდობა თქვენდა.“ 27 მერე თომას ეუბნება: ,,მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“ 28 მიუგო თომამ და უთხრა მას: ,,უფალო ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29 ეუბნება მას იესო: ,,შენ მერწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“

წიგნის დაწერის მიზანი

30 ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. 31 ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისის სახელით.

თავი მეცხრამეტე                                                                                                                          თავი ოცდამეერთე

COMMENTS