ამოსი 7

ივლისი 23, 2015

ძველი აღთქმა
ამოსი

71 ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვების შემდეგ. 2 როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: „უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.” 3 გადაიფიქრა უფალმა, – არ მოხდებაო, – თქვა უფალმა. 4 ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები. 5 მე ვთქვი: „უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.” 6 გადაიფიქრა უფალმა: – არც ეს მოხდებაო,– თქვა უფალმა ღმერთმა. 7 ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში. 8 მითხრა უფალმა: „რას ხედავ, ამოს?” ვუთხარი: „შვეულს”. თქვა უფალმა: „აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას. 9 გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობყამის სახლის წინააღმდეგ.” 10 შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; 11 რადგან ასე ამბობს ამოსი: „მახვილით მოკვდება იერობყამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.” 12 უთხრა ამაციამ ამოსს: „მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. 13 ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.” 14 მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: „მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინისწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომკრეფი. 15 წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო. 16 ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო. 17 ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.”

თავი მეექვსე                                                                                                                                                თავი მერვე

კომენტარის დატოვება

Close
Close