დაბადება 5:28-29
იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი. უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.
იობი 21:7-13
რატომ ცოცხლობენ ბოროტეულნი, სიბერეს აღწევენ და ძლიერდებიან? უმზერენ თავისი შთამომავლობის დამკვიდრებას და თვალწინ ჰყავთ საკუთარი ნაშიერი; დაცულია მათი სახლები, შიშის გარეშეა და კვერთხი ღვთისა არაა მათზე; მისი ხარი ამაკებს და არ ააცდენს, მისი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს. ცხვარივით გაუშვებენ თავიანთ ბალღებს და კუნტრუშებენ მათი პატარები; დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ; განცხრომაში ატარებენ თავიანთ დღეებს და მშვიდად ჩადიან საფლავში;
დანიელი 4:4
მე, ნაბუქოდონოსორი, ვნებივრობდი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.
მათეს 19:16-22
და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?” ხოლო მან უთხრა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”. ჰკითხა: „რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: „არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”. უთხრა მას ჭაბუკმა: „ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?” უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”. ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
ლუკას 12:16-19
და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი? თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
ფსალმუნები 4:8
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.
იობი 22:21
ემსახურე მას და სიმშვიდეში დარჩი, ამით მოვა შენთან სიკეთე.
იგავნი 19:23
უფლის შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი; კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა.
ესაია 26:3
აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
ლუკას 7:37-50
და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით. უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”. მიუგო მას იესომ და უთხრა:„რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: „თქვი, მოძღვარო”. იესომ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი. მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?” სიმონმა უპასუხა: „მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: „სწორად განსაჯე”. მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია. შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე. ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”. შემდეგ უთხრა ქალს: „მიგეტევა შენი ცოდვები”. იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?” მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.
მათეს 23:25
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
დაბადება 42:1-17
როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: „რას უყურებთ?” თქვა: „გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!” და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად. ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: „ფათერაკი არ შეემთხვასო”. და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში. ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი. დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: „საიდან მოხვედით?” უპასუხეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”. იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი. და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: „ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”. უთხრეს: „არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი! ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!” თქვა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!” უთხრეს: „თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”. თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ! ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”. და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
იესო ნავეს ძე 9:3-27
გაბაონის მკვიდრთაც გაიგეს, რაც დამართა იეშუამ იერიხოსა და ჰაღაის. და ცბიერად მოიქცნენ: ადგნენ და საგზალი დაიმზადეს, თითქოს ელჩები იყვნენ, აჰკიდეს სახედრებს ძველი, დახეთქილი და დაკერებული ტომრები და ღვინის ტიკები, ფეხზე გაცვეთილი ქალამნები ჩაიცვეს და ტანზე დაკერებულ-დაძველებული სამოსი შეიმოსეს; საგზლის მთელი პურიც გამხმარი და დაობებული იყო. მივიდნენ გილგალში დაბანაკებულ იეშუასთან და უთხრეს მას და მთელს ისრაელს: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით და აღთქმა დაგვიდეთ ახლა”. უპასუხეს ისრაელიანებმა ხიველებს: „იქნებ ჩვენს ახლოს ცხოვრობთ და აღთქმა დაგიდოთ?” უთხრეს იეშუას: „შენი მსახურნი ვართ”. ჰკითხა მათ იეშუამ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?” მიუგეს: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა. ყველაფერი, რაც ამორელთა ორ მეფეს დამართა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ: სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყაშთაროთელ ყოგს, ბაშანის მეფეს. გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყოველმა მკვიდრმა: საგზალი მოიმარაგეთ, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: თქვენი მსახურნი ვართ და აღთქმა დაგვიდეთ-თქო ახლა. ეს ჩვენი პური ჯერ კიდევ თბილი იყო იმ დღეს, როცა სახლებიდან თქვენთან შესახვედრად წამოვედით; აჰა, ახლა გამხმარი და დაობებულია. ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”. აიღეს კაცებმა მათი საგზლიდან და არ დაეკითხნენ უფალს. შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც. აღთქმის დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ახლოს ყოფილან და მათ სიახლოვეს ცხოვრებულან. დაიძრნენ ისრაელის ძენი და მივიდნენ მესამე დღეს მათ ქალაქებში – გაბაონში, ქეფირაში, ბეეროთსა და კირიათ-იეყარიმში. არ მოუსრავთ ისინი ისრაელის ძეებს, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი დაიფიცეს თემის მთავრებმა; და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე. უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: „უფალი, ისრაელის ღმერთი დავიფიცეთ და ვეღარ შევეხებით. აი, როგორ უნდა მოვექცეთ: ცოცხლად დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს ფიცის გამო, რომლითაც დავიფიცეთ”. თქვეს მთავრებმა: „დაე იცოცხლონ, მაგრამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დავაყენოთ მთელი თემისთვის; და ისე მოიქცა თემი, როგორც უთხრეს მთავრებმა. მოუხმო მათ იეშუამ და უთხრა: „რატომ მოგვატყუეთ და გვითხარით, ძალიან შორს ვართო თქვენგან, როცა ჩვენს სიახლოვეს მკვიდრობდით? აჰა, ამიერიდან წყევლაა თქვენზე! სამუდამოდ დაგვემონებით და შეშის მჭრელნი და წყლის მხაპავნი იქნებით ჩემი ღმერთის სახლისთვის”. მიუგეს იეშუას: „გავიგეთ შენმა მონებმა, რა უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ ამ მიწას და წარხოცავდა მის მკვიდრთ თქვენ წინაშე; ძალიან შეგვეშინდა თქვენი და ესღა მოვიფიქრეთ. ახლა შენს ხელში ვართ; როგორც უმჯობესია და სამართლიანი შენს თვალში, ისე მოგვექეცი”. ასეც მოექცა მათ იეშუა, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაუხოცავთ ისინი; იმ დღეს დააყენა ისინი იეშუამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისა და უფლის სამსხვერპლოსთვის აქამდე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევდა უფალი.
მარკოზის 5:25-26
და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,
1 თესალონიკელთა 5:3
რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
4 მეფეთა 20:12-19
იმ დღეებში გაუგზავნა ბეროდახ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და ძღვენი ხიზკიაჰუს, რადგან შეიტყო, რომ სნეულად იყო იგი. მოუსმინა ხიზკიაჰუმ წარმოგზავნილთ და უჩვენა მათ საუნჯეთა სახლი: ვერცხლი და ოქრო, სურნელებანი და საცხებელი ზეთები, თავისი საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც საგანძურში მოეპოვებოდა; არაფერი დარჩენილა თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში, რაც არ უჩვენებია მათთვის ხიზკიაჰუს. მოვიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა:„რას ამბობდნენ ეს კაცები და საიდან მოვიდნენ შენთან?” უპასუხა ხიზკიაჰუმ: “შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ”. ჰკითხა ესაიამ: „რა იხილეს შენს სახლში?” მიუგო ხიზკიაჰუმ: „ყველაფერი იხილეს, რაც ჩემს სახლშია; არაფერი დარჩენილა, რომ არ მეჩვენებინოს ჩემს საგანძურში”. უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: „ისმინე უფლის სიტყვა: აჰა მოდის დღეები და ყოველივე, რაც შენს სახლშია და რაც შენმა მამებმა დააგროვეს დღემდე – ბაბილონს იქნება წაღებული, არაფერი დარჩება! – ამბობს უფალი. შენს ძეებსაც, რომლებიც შეგეძინება, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის სასახლეში”. მიუგო ხიზკიაჰუმ ესაიას: „კეთილია უფლის სიტყვა, რომელიც წარმოთქვი”. თან დასძინა: „რადგან მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ჩემს დღეებში!”
ლუკას 16:19-26
„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში. უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი – სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.
გამოსვლა 2:23
გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.
იერემია 14:19
სამუდამოდ უარყავი იუდა? სიონი შეიზიზღა შენმა სულმა? ისე რატომ დაგვკარი, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით? მშვიდობას ველოდით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და, აჰა – საშინელება.
იერემია 47:2-6
ასე ამბობს უფალი: „აჰა, წყლები მაღლდებიან ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრებად გადაიქცევიან. და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. იკივლებენ ადამიანები, იქვითინებენ ქვეყნის მცხოვრებნი, მისი ძლიერი ცხენების თქარუნის, მისი ეტლების გრუხუნის, მისი ბორბლების გრიალის გამო. მამები ვეღარ ბრუნდებიან შვილებისკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები. მომავალი დღის გამო, როცა გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ტვიროსსა და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, ქაფთორის კუნძულის მონარჩენს. გამელოტდა ღაზა, დაინგრა აშკელონი; მათი ხეობების ნაშთო, როდემდე დაიკაწრავ თავს? ჰოი, უფლის მახვილო, სანამდე იბობოქრებ? დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი!
გოდება იერემიასი 3:7-24
ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გავიდე; ბორკილები დამიმძიმა. კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის ახშობს ჩემს ლოცვას. თლილი ლოდებით გადამიღობა გზები, ბილიკები გამიმრუდა. ჩასაფრებული დათვივით არის ჩემთვის, დადარაჯებული ლომივით. გზები გადამიადგილა, ნაკუწ-ნაკუწ დამგლიჯა, გამაპარტახა. მოზიდა მშვილდი და ისრის სამიზნედ დამაყენა. შიგნეულში გამიტარა კაპარჭიდან ამოღებული ისრები. მთელი ხალხის დასაცინი შევიქენი, მათ საშაიროდ მთელ დღეს. სიმწარით გამაძღო, აბზინდით დამათრო. ხრეშით მიმტვრებს კბილებს, მტვრით დამფარა. მშვიდობამ მიატოვა ჩემი სამშვინველი, დამავიწყდა კეთილდღეობა. ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი. გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება, ტანჯვა, აბზინდა და სიმწარე. დიახ, იხსენებს და დაღონებულია ჩემში სული, მაგრამ ამას გავიხსენებ გულში და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომ მაქვს მისი იმედი.
ეზეკიელი 7:23-27
ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი – ძალადობით. უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი. როცა ტანჯვა მოვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება. უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს. იგლოვებს მეფე, მთავარი შიშით შეიმოსება და ქვეყნის ხალხს ხელები აუკანკალდებათ. მათი გზების მიხედვით მოვექცევი მათ და მათი სამართლის მიხედვით გავასამართლებ; გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”
მარკოზის 5:24-34
წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა. და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა, მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო. რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან. მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?” მოწაფეებმა უთხრეს: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ: ვინ შემეხოო?” მიმოიხედა, რათა ამის ჩამდენი დაენახა. ხოლო ქალი, რომელმაც იცოდა, რაც დაემართა, შიშით ათრთოლებული მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე. მან კი უთხრა: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან”.
მათეს 9:18-22
ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”. წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას. აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო. იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.
გამოსვლა 8:12-15
გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა. იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
იობი 12:5
გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა. იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
ოსია 10:1
განტოტვილი ვაზია ისრაელი, ნაყოფიერი: რაც უფრო მრავლადაა მისი ხილი, მით უფრო გაიმრავლა სამსხვერპლოები, რაც უფრო კარგი იყო მისი ქვეყანა, მით უფრო დაამშვენა სვეტები.
ამოსი 6:1
ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.