Homeდაბადება

დაბადება 5

ძველი აღთქმა
დაბადება

51 ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. 2 მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს. 3 იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი. 4 და შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა რვაასი წელი, და შვა ძენი და ასულნი. 5 და იქმნენ ყოველნი დღენი ადამისა, რაც მან იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელიწადი, და მოკვდა. 6 და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი, და შვა ენოში. 7 და იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 8 და იქმნენ ყოველნი დღენი შეთისა ცხრაას თორმეტი წელიწადი, და მოკვდა. 9 და იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი, და შვა კაინანი. 10 და იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 11 და იქმნენ ყოველნი დღენი ენოშისა ცხრაას ხუთი წელიწადი, და მოკვდა. 12 და იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი, და შვა მაჰალალელი. 13 და იცოცხლა კაინანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ რვაას ორმოცი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 14 და იქმნენ ყოველნი დღენი კაინანისა ცხრაას ათი წელიწადი, და მოკვდა. 15 და იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი, და შვა იერედი. 16 და იცოცხლა მაჰალალელმა იერედის დაბადების შემდგომ რვაას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 17 და იქმნენ ყოველნი დღენი მაჰალალელისა რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და მოკვდა. 18 და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი, და შვა ხანოქი. 19 და იცოცხლა იარედმა ხანოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 20 და იქმნენ ყოველნი დღენი იარედისა ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა. 21 და იცოცხლა ხანოქმა სამოცდახუთი წელი, და შვა მეთუშალახი. 22  და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 23 და იქმნენ ყოველნი დღენი ხანოქისა სამას სამოცდახუთი წელიწადი. 24 და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა. 25 და იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი, და შეეძინა მას ლამექი. 26 და იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 27 და იქმნენ ყოველნი დღენი მეთუშალახისა ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი, და მოკვდა. 28 და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი, და შვა ვაჟი. 29 და უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში, მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა.” 30 და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და შვა ძენი და ასულნი. 31 და იქმნენ ყოველნი დღენი ლამექისა შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი, და მოკვდა. 32 და იყო ნოე ხუთასი წლის, და შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.

თავი მეოთხე                                                                                                                                             თავი მეექვსე

COMMENTS