ამოსი 6

ივლისი 23, 2015

ძველი აღთქმა
ამოსი

61 ვაი, უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე; სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი! 2 მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გათში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები? ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები? 3 ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს? ან დააჩქარო მძლავრობის სუფევა? 4 განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცელზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ. 5 ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობლებად მოაქვთ თავი. 6 სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს, საუცხოო ზეთებს იცხებენ, არ ადარდებთ იოსების უბედურება. 7 ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება. 8 დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: „მძულს იაკობის ამპარტავნება და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.” 9 მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი. 10 როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: „ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.” 11 რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს. 12 თუ ურბენიათ ცხენებს კედლებზე, ან თუ უხნავთ ისინი ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად – სიმართლის ნაყოფი. 13 ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო? 14 რადგან აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო”, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – და მიგკუწავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.

თავი მეხუთე                                                                                                                                            თავი მეშვიდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close