ძველი აღთქმა
4 მეფეთა
201 იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ, და მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები და ვერ გადარჩები.’“ 2 კედლისკენ მიაბრუნა პირი და შეევედრა უფალს: 3 „უფალო! გაიხსენე, წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში!” და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. 4 შუა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა: 5 „გაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ერის წინამძღოლს, ასე ამბობს-თქო დავითის, მამაშენის, ღმერთი: ‘შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი, და აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში. 6 და კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, და დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მსახურის, გულისთვის.’“ 7 და თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი.” და მოიტანეს და წყლულზე დაადეს, და განიკურნა. 8 და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშნად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?” 9 და თქვა ესაიამ: „ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ‘ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?’“ 10 და თქვა ხიზკაიაჰუმ: „ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა. არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!” 11 და შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით. 12 ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკიაჰუ. 13 და მოუსმინა მათ ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა მის სახლში და მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიაჰუს. 14 და მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?” და თქვა ხიზკიაჰუმ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.” 15 და თქვა: „რა ნახეს შენს სახლში?” და თქვა ხიზკიაჰუმ: „ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.” 16 და უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: „ისმინე უფლის სიტყვა: 17 აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამებს დღემდე მოუხვეჭავთ, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, – ამბობს უფალი. – 18 და წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.’“ 19 და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოსთქვი.” და თქვა: „იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.” 20 ხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 21 და განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან. და მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა.