Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 16

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
იგავი ორგულ მოურავზე

161 უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.’ მნემ თქვა თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.’ დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’ მან თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე — ორმოცდაათი.’ მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ მან თქვა: ‘ასი კოდი ხორბალი.’ მან უთხრა: ‘ მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე — ოთხმოცი.’ შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში. 10 მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. 11 ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? 12 და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? 13 არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლეთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“

რჯული და ღვთის სამეფო

14 ყოველივე ეს ესმოდათ ფარისეველბსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას. 15 და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა. 16 რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში. 17 უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. 18 ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.“

მდიდარი და ლაზარე

19 „იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულს და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. 20 ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. 21 ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. 22 მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. 23 და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამის და ლაზარეც მის წიაღში. 24 შესძახა და თქვა ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი და წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’ 25 უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი — სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. 26 ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფრსკულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’ 27 თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’ 28 ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’ 29 უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’ 30 მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.’ 31 უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’“

თავი მეთხუთმეტე                                                                                                                       თავი მეჩვიდმეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS