სნეულებები – ბიბლიური ციტატები

მათეს 8:14-17
მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, სიცხით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და გაუარა მას სიცხემ. წამოდგა და ემსახურებოდა მათ. ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“

მარკოზის 3:10
რადგან ბევრი განკურნა, ისე რომ ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რა სენი სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას.

გამოსვლა 15:26
და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და შეისმენ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.“

ფსალმუნები 40:3
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შეცვლი შენ ავადმყოფობის ჟამს.

2 ნეშტთა 16:12
თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუავადდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.

იოანეს 5:3
ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ,

ეზეკიელი 34:4
დავარდნილებს არ უვლით და ავადმყოფებს არ კურნავთ, ნაჭრილობევს არ უხვევთ და გზააბნეულს არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, უხინჯოებს კი ძალადობითა და სისასტიკით იურვებთ.

საქმეები 28:8-9
პუბლიუსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაადო და განიკურნა იგი. ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რაიმე სენი სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.

1 მეფეთა 28:20
უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა. ძალაც გამოლეული ჰქონდა, რადგან მთელი ის დღე და ის ღამე არ ეჭამა პური.

მათეს 25:36-40
შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’და მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’

იოანეს 9:1-3
და რომ მიდიოდა, დაინახა კაცი, შობიდანვე ბრმა. ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, ვინ შესცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღმერთის საქმენი გამოცხადდეს მასზე.

ფსალმუნები 101:4
ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული, მავიწყდება ჩემი პურის ჭამა.

ლუკას 9:1-2
მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი. მიავლინა ისინი ღვთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.

გამოსვლა 9:9
და იქცევა მტვრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, და გაუჩნდება კაცსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.”

იობი 2:7
და განშორდა ეშმაკი უფალს და შეჰყარა იობს საშინელი წყლულები ფეხის ტერფიდან თხემამდე.

ლუკას 10:30-37
მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა. ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’ რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი გამოდგა დაყაჩაღებულის მოყვასი?“ თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

იერემია 33:6
აჰა, მე შევუხვევ მას ჭრილობებს და განვკურნავ, და ვყოფ მისთვის მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს,

ფსალმუნები 106:20
მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.

ლევიანნი 26:16
მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, რადგან თქვენი მტრები შეჭამენ მას.

იობი 13:15
რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.

2 კორინთელთა 12:8-10
სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განეშორებინა იგი. და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.

მეორე რჯული 28:22
მოგსრავს უფალი ჭლექით და ციებ-ცხელებით, ანთებითა და ხურვებით, გვალვით, ხორშაკითა და სიყვითლით; და ეს უბედურებანი დევნას დაგიწყებენ, ვიდრე არ დაგღუპავენ.

იაკობის 5:14-15
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.

იგავნი 13:12
აუხდენელი იმედი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა.

ფსალმუნები 37:2-3
რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; აღარ არის სისაღე ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.

დაბადება 20:17
და ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები, და მათ კვლავ იწყეს შობა,

საქმეები 28:8-9
პუბლიუსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაადო და განიკურნა იგი. ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რაიმე სენი სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.

მათეს 17:15
და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში.

იგავნი 17:22
მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს.

ფსალმუნები 102:2-4
ადიდე, სულო ჩემო, უფალი, არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე! ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა, საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, წყალობისა და შებრალების გვირგვინის დამდგმელი,

გამოსვლა 23:25
და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის აკურთხებს შენს პურს და შენს წყალს, და განვაშორებ ავადმყოფობას შენგან.

ფსალმუნები 114:8
რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლთაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან;