Homeბიბლიაახალი აღთქმა

იაკობის 5

ახალი აღთქმა
იაკობ მოციქულის წერილი
მდიდრების გაფრთხილება

51 მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელ დღეებისათვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს და დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ. თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ.

სულგრძელობა და ლოცვა

ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე, აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა. ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ მსჯავრდადებული. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი. 10 ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ, ტანჯვისა და სულგრძელების მაგალითად აიღეთ თქვენთვის. 11 აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ, იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და მწყალობელია უფალი.
   12 პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმეს საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
   13 ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს. 14 არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. 15 რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია მიეტევება.
16 აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას. 17 ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. 18 კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
   19 ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, 20 იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.

თავი მეოთხე                                                                                                პეტრე მოციქულის პირველი წერილი

COMMENTS