ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
271 ნუ იქებ თავს ხვალინდელი დღით, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე. 2 უცხომ გაქოს შენ და არა შენმა პირმა, უცხოტომელმა – და არა შენმა ბაგეებმა. 3 მძიმეა ქვა და ტვირთია ქვიშა, ხოლო სულელის სიბრაზე ორივეზე მძიმეა. 4 გულისწყრომა სისასტიკეა, ხოლო რისხვა – ნიაღვარი, მაგრამ მოშურნეობას წინ ვინ დაუდგება? 5 აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს. 6 სარწმუნოა ჭრილობები მოყვრისაგან და მრავალია ამბორი მოძულესაგან. 7 მაძღარი სული გოლეულსაც თელავს, ხოლო მშიერი სულისათვის ყოველი მწარე ტკბილია. 8 როგორც ჩიტი, დამტოვებელი თავისი ბუდისა, ისეა კაცი, დამტოვებელი თავისი ადგილისა. 9 ზეთი და საკმეველი ახარებს გულს, ხოლო მეგობრის სიტკბო გულითად რჩევაშია. 10 შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი სჯობს დაშორებულ ძმას. 11 დაბრძენდი, შვილო, და გაახარე ჩემი გული და მე მოვიგერიებ ჩემს მაგინებელთ. 12 გონიერი ხედავს ბოროტს და იმალება, ხოლო გულუბრყვილონი ჩაივლიან და ისჯებიან. 13 აიღე მისი ტანსაცმელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გამოართვი გირაო. 14 თუ ვინმე თვის მოყვასს აკურთხებს ხმამაღლა დილაადრიან, წყევლად ჩაეთვლება მას. 15 წვიმიან დღეს შემაწუხებელი წვეთები და ანჩხლი ცოლი მსგავსნი არიან. 16 მისი დამკავებელი აკავებს ქარს და მისი მარჯვენა ზეთს იჭერს. 17 რკინა რკინას ლესავს, კაცი კი ლესავს თვისი მოყვასის სახეს. 18 ვინც ლეღვს უფრთხილდება, შეჭამს მის ნაყოფს, ხოლო ვინც თვის ბატონს იცავს, პატივცემული იქნება. 19 როგორც წყალშია სახე სახესთან, ისეა გული ადამიანისა ადამიანთან. 20 შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება და ვერც ადამიანის თვალი გაძღება. 21 სახმილი ვერცხლისთვისაა და ბრძმედი ოქროსათვის, ხოლო ადამიანი მისი ქება-დიდებისამებრ გამოიცდება. 22 ფილთაქვითაც რომ ნაყო როდინში სულელი ბურღულს შორის, არ მოსცილდება მისი სისულელე. 23 ცნობით იცნობდე შენი ცხვრის სახეს, გული დაუდე ფარას, 24 რადგან საუკუნოდ არაა სიმდიდრე და არც გვირგვინი გადავა თაობიდან თაობაში. 25 ამოიწვერა ბალახი და გამოჩნდა ჟიჟო და შეაგროვებენ მთების მცენარეებს, 26 იქნებიან ცხვრები შენი სამოსელისათვის და თხები მინდვრის საფასურისათვის, 27 და თხების რძე შენი საკმარისი იქნება საკვებისათვის, შენი სახლეულის საკვებისათვის და შენი მოახლეების სარჩენად.
COMMENTS