HomeUncategorized

იგავნი სოლომონისა 31

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
311 სიტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლითაც წვრთნიდა დედა მისი: 2 რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? და რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა? 3 ნუ მისცემ დედაკაცებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველებს! 4 მეფეებს არ შეეფერებათ, ლემუელ, მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული, 5 რათა არ სვამდეს და არ ივიწყებდეს კანონებს, არ ამრუდებდეს ჩაგრულთა სამართალს. 6 მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – სულით გამწარებულს. 7 მან დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი ტანჯვა აღარ გაიხსენოს! 8 გახსენი შენი პირი მუნჯისათვის, წარმავლობის ძეთა სამართლისათვის, 9 გაუხსენი პირი მართლმსაჯულებას და განიკითხე გლახაკი და უპოვარი. 10 მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი. 11 ერწმუნება მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ დააკლდება. 12 ის სიკეთეს მიუზღავს მას და არა სიბოროტეს მთელი მისი ცხოვრების დღეებში. 13 მატყლს და სელს შოულობს იგი და ბეჯითად შრომობს საკუთარი ხელებით. 14 სავაჭრო ხომალდების მსგავსია იგი და შორიდან მოაქვს თავისი პური. 15 დგება ჯერ კიდევ ღამიანად და საკვებს ურიგებს თავის სახლს და ულუფას – თავის მხევალთ. 16 გაიფიქრებს მინდორზე და იძენს მას, თავის ხელთა ნაყოფით გააშენებს ვენახს. 17 ძალას შემოირტყამს წელზე და იმაგრებს მკლავებს. 18 ხვდება, რომ კარგია მისი ჭირნახული, ღამით არ ქრება მისი სანთელი. 19 იწვდენს ხელს სართავი ჯარისაკენ და მის ხელებს უპყრიათ თითისტარი. 20 თავის ხელისგულს უშლის ღარიბს და ხელებს უწვდენს უპოვარს. 21 არ შიშობს იგი თავის სახლზე თოვლიანობისას, რადგან მთელი მისი სახლი შემოსილია ძოწისფერი ქსოვილით. 22 ის ფარდაგებს იკეთებს თავისთვის, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი. 23 ცნობილია მისი ქმარი ქალაქის კარიბჭეებთან, ქვეყნის უხუცესებთან ჯდომისას. 24 ტილოს ტანსაცმელს კერავს და ყიდის, და სარტყლებს აძლევს ვაჭარს. 25 ძალა და ღირსება მისი სამოსელია და უღიმის იგი მომავალ დღეს. 26 პირს ხსნის იგი სიბრძნით და წყალობის რჯულია მის ენაზე. 27 თვალყურს ადევნებს თავისი სახლის გზებს და სიზარმაცის პურს არ ჭამს. 28 დგებიან მისი შვილები ლოცავენ მას, მისი ქმარიც და – აქებს მას: 29 ‘მრავალმა ასულმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!’ 30 მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია. 31 მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან.
თავი ოცდამეათე                                                                                                                                      ეკლესიასტე

COMMENTS