HomeUncategorized

იგავნი სოლომონისა 25

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
251 ესეც სოლომონის იგავებია, რომელნიც გადაიწერეს ხიზკიაჰუს, იუდას მეფის, კაცებმა: 2 საქმეთა დაფარვა ღვთის ღირსებაა ხოლო საქმის გამოკვლევა – მეფის ღირსება. 3 ზეცა მაღალია და მიწა – ღრმა, ხოლო მეფეთა გული გამოუკვლეველია. 4 განაშორეთ წიდა ვერცხლისაგან და გამოუვა გამომდნობელს ჭურჭელი. 5 მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება. 6 ნუ გამშვენდები მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები, 7 რადგან სჯობს გითხრან: „ამოდი აქ”, ვიდრე დაგამცირონ კეთილშობილის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა. 8 ნუ ჩაერევი დავაში სწრაფად, რადგან რას გააკეთებ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მეზობელი? 9 იდავე შენი დავა შენს მეზობელთან, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ, 10 რათა არ შეგიზიზღოს გამგონემ, და შენი ცილისწამება არ მოგიბრუნდეს. 11 წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია. 12 როგორც ოქროს ბეჭედი და ბაჯაღლოს სამკაული, ისეა ბრძნული გაკიცხვა ყურადღებიანი ყურისათვის. 13 როგორც თოვლის სიგრილეა მკის დღეს, ისე სანდოა მსტოვარი მისი გამომგზავნელისათვის, და თავისი ბატონის სულს მოაბრუნებს. 14 კაცი, მოტრაბახე ტყუილი საჩუქრით უწვიმო ღრუბელი და ქარია. 15 მოთმინებით მოდრკება მთავარი, და რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს. 16 ჰპოვე თაფლი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, თორემ გაძღები და ამოარწყევ. 17 დააძვირე შენი ფეხი შენი მოყვასის სახლში, თორემ მოყირჭდები და შეგიძულებს. 18 კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი – დამამოწმებელი ცრუ მოწმობისა თავისი მოყვასისათვის. 19 უვარგისი კბილი და ნაღრძობი ფეხი მოღალატის საყრდენია უბედურების დღეს. 20 რაც ტანსაცმლის გამხდელია ცივ დღეს, რაც ძმარია ტუტეზე, ისაა სიმღერის მომღერალი ნაღვლიან გულზე. 21 თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი, 22 რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ. 23 ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა – მრისხანე სახეს. 24 ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას. 25 რაც ცივი წყალია დაღლილი სულისათვის, ისაა კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან. 26 მართალი, უკეთურის წინაშე დაცემული, არის როგორც ატალახებული წყარო და მოოხრებული სათავე. 27 ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და სხვისი ღირსების ჩხრეკა არ არის ღირსება. 28 უგალავნო დანგრეული ქალაქია კაცი, რომელიც თავის სულს ვერ იოკებს.
თავი ოცდამეოთხე                                                                                                                         თავი ოცდამეექვსე

COMMENTS