ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
11 იგავნი სოლომონისა, ძისა დავითისა, ისრაელის მეფისა. 2 შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა, გასაგებად გონების ნათქვამისა, 3 მისაღებად ჭკუის შეგონებისა, სიმართლისა, სამართლისა და სამართლიანობისა; 4 მისაცემად ბრიყვთათვის გონიერებისა, ყმაწვილთათვის – ცოდნისა და განსჯისა. 5 მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას, და გონიერი სიბრძნეს შეიძენს, 6 გასაგებად იგავისა და ქარაგმისა და ბრძენთა სიტყვებისა და გამოცანებისა. 7 უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ. 8 ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. 9 რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე, მანიაკი შენს ყელზე. 10 ჩემო შვილო, თუ ცოდვილნი გაცთუნებენ, ნუ დათანხმდები. 11 თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოს, 12 ჩავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა ცოცხლად და მრთელად, საფლავში ჩამავალთ მსგავსად, 13 ყოველგვარ ძვირფას ქონებას მოიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნადავლით გავავსებთ. 14 ყარე შენი წილი ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველას!” 15 ჩემო შვილო, ნუ ივლი მათთან გზაზე, შეაკავე შენი ფეხი მათი სავალიდან. 16 რადგან მათი ფეხები ბოროტისაკენ გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან. 17 რადგან ამაოდ იფინება ბადე რომელიმე ფრთოსანის თვალში. 18 ისინი კი თავიანთ სისხლს უსაფრდებიან, თავიანთ სულებს უდარაჯდებიან. 19 ასეთია გზანი ყველა ხარბი მომხვეჭლისა: სიცოცხლეს ართმევს იგი მის პატრონს. 20 სიბრძნე ქუჩაში შემოსძახებს, მოედნებზე გამოსცემს თავის ხმას; 21 ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს იგი, კარიბჭის ზღურბლზე, ქალაქში ამბობს ის თავის სათქმელს: 22 „როდემდე ეყვარებათ ბრიყვებს სიბრიყვე, თავქარიანნი მასხარობით დატკბებიან, ხოლო სულელებს ეძულებათ ცოდნა? 23 მიუბრუნდით ჩემს შეგონებას, გამოგითქვამთ ჩემს გულისთქმას, გაუწყებთ ჩემს სიტყვებს. 24 რადგანაც გიხმობდით მე, თქვენ კი ყურს არ ათხოვებდით. გიწვდით ხელს, მაგრამ არ იყო შემსმენელი. 25 და უგულებელ ჰყავით ყველა ჩემი რჩევა და ჩემი შეგონება არ ინდომეთ. 26 მეც თქვენს უბედურებაზე გავიცინებ, დაგცინებთ თქვენ შიშის მოგვრისას. 27 როდესაც გეწევათ შიში, როგორც ქარიშხალი, და თქვენი უბედურება გრიგალივით მოვა, როდესაც გეწევათ თქვენ უბედურება და გაჭირვება. 28 მაშინ მომიხმობენ მე და არ ვუპასუხებ, დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მპოვებენ. 29 იმის წილ, რომ სძულდათ ცოდნა და უფლის შიში არ ამოირჩიეს, 30 არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება. 31 და იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი განზრახვებით გაძღებიან. 32 რადგან გულუბრყვილოებს მათი განდგომა მოკლავს და ბრიყვებს მათი კმაყოფილება მოსპობს. 33 მაგრამ ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება.”