იგავნი სოლომონისა 16

ივლისი 8, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
161 გულის მოწოდებანი ადამიანს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან არის. 2 კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, ხოლო უფალი სწონის სულებს. 3 გაანდე უფალს შენი საქმენი და შენი ფიქრები აღსრულდება. 4 უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისათვის შექმნა, და თვით უკეთურიც – უბედურების დღისათვის. 5 ყველა გულზვიადი უფლისათვის საძაგელია – ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს. 6 წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ურჯულოება და უფლის შიშით განუდგები ბოროტს. 7 თუ სასურველია უფლისათვის კაცის გზები მის მტრებსაც შეარიგებს მასთან. 8 სჯობს მცირედი და სიმართლით – მრავალს, მოხვეჭილს უსამართლობით. 9 ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯს. 10 განაჩენია მეფის ბაგეებზე, სამსჯავროზე არ შესცოდავს მისი პირი. 11 სასწორი და სწორი პინები აქვს უფალს, მისი საქმეა აბგის ყველა საწონი ქვა. 12 სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით ფუძნდება ტახტი. 13 სათნოა მეფეთათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოლაპარაკენი უყვარს მას. 14 მეფის გულისწყრომა სიკვდილის ანგელოზია, ბრძენი კაცი კი გააყუჩებს მას. 15 მეფის სახის ნათელში სიცოცხლეა, მისი წყალობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა. 16 სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და ჭკუის შეძენა – ვერცხლზე უმჯობესი. 17 წრფელთა გზა ბოროტისაგან განდგომაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს ინახავს. 18 სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა. 19 სჯობს თავმდაბლებთან სულით მორჩილება ამაყებთან ნადავლის განაწილებას. 20 თავისი საქმის მომფიქრებელი სიკეთეს ჰპოვებს და უფალზე დაიმედებული ნეტარია. 21 გულით ბრძენი გონიერად იწოდება და ტკბილი ბაგენი ხელს უწყობენ სწავლას. 22 ჭკუა თვისი პატრონისათვის სიცოცხლის წყაროა, სულელთა დარიგება კი – სისულელე. 23 ბრძენის გული გონიერს ხდის მის ენას და მის ბაგეზე წარუმატებს სწავლებას. 24 სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა, სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება. 25 არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია. 26 მშრომელი თავისთვის შრომობს, რადგან მისი პირი აიძულებს მას. 27 უგვანი კაცი ბოროტის ამომთხრელია და მის ბაგეებზე დამწველი ცეცხლივითაა. 28 უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს. 29 მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და მიჰყავს უკეთურ გზაზე. 30 თვალს ხუჭავს უკუღმართობის მოსაფიქრებლად, პირს კუმავს – ბოროტებას სჩადის. 31 დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი. 32 მომთმენი სჯობს მამაცს და ის, ვინც თავის სულზე ბატონობს – ქალაქის დამპყრობს. 33 კალთაში იყრება წილი, მაგრამ უფლისგანაა მთელი მისი სამართალი.
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                         თავი მეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close