HomeUncategorized

იგავნი სოლომონისა 8

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
81 განა სიბრძნე არ ღაღადებს და გონიერება არ გამოსცემს თავის ხმას? 2 სიმაღლეთა მწვერვალზე, გზაზე, გზაჯვარედინზე დგას იგი, 3 კარიბჭეთა მახლობლად, ქალაქის წინ, კართა შესასვლელთან შემოსძახებს: 4 „კაცებო, თქვენ გეძახით და ჩემი ხმა ადამის ძეთა მიმართ არის. 5 ბრიყვნო, გაიგეთ სიბრძნე და რეგვენნო, შეაგნებინეთ გულს. 6 ისმინეთ, რადგან მთავარს ვლაპარკობ, და გაღება ჩემი ბაგისა სიმართლეა. 7 რადგან ჭეშმარიტებას წარმოთქვამს ჩემი პირი და უკეთურება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის. 8 სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, არაა მათში არაფერი დაკლაკნილი და მრუდე. 9 ყოვლად ნათელია ისინი გონიერისთვის და სიმართლეა ცოდნის მპოვნელთათვის. 10 მიიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი, და ცოდნა მეტად, ვიდრე რჩეული ოქრო. 11 რადგან სიბრძნე მარგალიტებზე უკეთესია და არავითარი საწადელი მას არ შეედრება.” 12 მე, სიბრძნე, ვმკვიდრობ გონიერებასთან და განსჯის ცოდნას ვპოვებ. 13 უფლის შიში ბოროტების სიძულვილია. სიამაყე და ქედმაღლობა და ბოროტი გზა, და უკუღმართი პირი მძულს მე. 14 ჩემია რჩევა და გონიერება, მე ვარ გონება, ჩემია ძალა. 15 ჩემით მეფობენ მეფენი და ხელისუფალნი სამართალს აწესებენ. 16 ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყოველი მოსამართლე. 17 მე მიყვარს ჩემი მოყვარულნი და ჩემი მაძიებელნი მპოვებენ მე. 18 სიმდიდრე და ღირსება ჩემთანაა, დიდძალი ქონება და სიმართლე. 19 ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემი მოსავალი – რჩეულ ვერცხლზე. 20 სიმართლის გზით დავდივარ მე, სამართლის ბილიკებით, 21 რათა დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულთ არსებობა და მათი საგანძურები ავავსო. 22 უფალს ვყავდი მე თავისი გზის სათავეში, თავის ქმნილებებამდე, იმ ჟამითვე. 23 უკუნისიდან ვარ დაფუძნებული, თავიდანვე, მიწაზე უწინარეს. 24 უფსკრულთა არყოფნისას დავიბადე, წყაროთა წყლების სიუხვის არყოფნისას. 25 სანამ მთები დადგებოდნენ, ბორცვებზე ადრე დავიბადე. 26 როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი მიწა და მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი. 27 როცა ის ცას ამყარებდა, მეც იქ ვიყავი, როცა წრეს ჰკრავდა უფსკრულის ზედაპირზე, 28 როცა ღრუბლებს ამაგრებდა მაღლით, როცა ძლიერდებოდა უფსკრულთა წყაროები, 29 როცა დაადგინა ზღვისთვის საზღვარი, რათა წყლებს არ გადაელახათ მისი ნაპირი, როცა აწესებდა დედამიწის საფუძვლებს, 30 მე ვიყავი მის გვერდით აღმშენებლად და მის სიხარულად დღენიადაგ, მოხარული მის წინაშე ყოველ ჟამს, 31 ვხარობდი მისი მიწის სამყაროში, და იყო ჩემი სიხარული ადამის ძეთა მიმართ. 32 და ახლა, შვილებო, მისმინეთ მე, რადგან ნეტარ არიან ჩემს გზათა დამცველნი. 33 ისმინეთ ჩემი დარიგება, დაბრძენდით და ნუ განდგებით. 34 ნეტარია კაცი, ვინც მომისმენს მე, ვინც ფხიზლობს ჩემს კარებთან დღენიადაგ, რომ დაიცვას ჩემი შესასვლელის წირთხლები. 35 რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და წყალობა მიიღო უფლისაგან. 36 ხოლო ჩემი შემცოდე თავის სულს ავნებს, ყოველ ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს.
თავი მეშვიდე                                                                                                                                            თავი მეცხრე

COMMENTS