Homeდაბადება

დაბადება 47

ძველი აღთქმა
დაბადება471 და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: „მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით და მთელი თავიანთი მონაგებით. და გოშენის მიწაზე არიან ისინი.” 2 და თავის ძმათაგან ხუთი კაცი წაიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე. 3 და უთხრა ფარაონმა მის ძმებს: „რა არის თქვენი საქმიანობა?” და უთხრეს ფარაონს: „ცხვრის მწყემსები ვართ შენი მსახურნი, ჩვენც და ჩვენი მამებიც.” 4 და უთხრეს ფარაონს: „ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან არაა საძოვარი შენს მსახურთა ცხვრისათვის ქანაანში შიმშილობის გამო. და ახლა დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე.” 5 და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან. 6 ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ გეგულება მათ შორის უნარიანი კაცები, სარქლებად დაუდგინე ჩემს საქონელს.” 7 და მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე, და აკურთხა იაკობმა ფარაონი. 8 და უთხრა ფარაონმა იაკობს: “რამდენია შენი სიცოცხლის წელთა დღეები?” 9 და უთხრა იაკობმა ფარაონს: „ჩემი ხიზნობის წელთა დღეები ას ოცდაათ წელს ითვლის. მოკლე და ავი იყო ჩემი სიცოცხლის წელთა დღენი, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამების წელთა დღეებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.” 10 და აკურთხა იაკობმა ფარაონი, და გამოვიდა ფარაონისაგან. 11 და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და თავისი ძმები, და მისცა მათ სამფლობელო ეგვიპტის ქვეყანაში, ქვეყნის საუკეთესო ადგილას, რაყმესესის ქვეყანაში, როგორც ბრძანა ფარაონმა. 12 და ამარაგებდა იოსები თავის მამასა და თავის ძმებს, და მთელს მათ სახლს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით. 13 და პური არ იყო მთელ ქვეყანაზე, რადგან შიმშილი გაძლიერდა ძალზე. და დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან. 14 და შეკრიბა იოსებმა მთელი ვერცხლი, რომელიც შემოდიოდა ეგვიპტესა და ქანაანის ქვეყანაში ხორბლის გაყიდვით, და შეიტანა ეს ვერცხლი ფარაონის სახლში. 15 და გამოილია ვერცხლი ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან, და უთხრეს: „მოგვეცი პური! ვერცხლი რომ გამოგველია, იმიტომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე?” 16 და უთხრა მათ იოსებმა: „წამოასხით თქვენი საქონელი და მე მოგცემთ თქვენი საქონლის საზღა ურს, თუ გამოგელიათ ვერცხლი.” 17 და მიუყვანეს თავიანთი საქონელი იოსებს. და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებში, ცხვარში, ძროხაში და სახედრებში, და ამარაგებდა მათ იმ წელს პურით მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ. 18 და დასრულდა ის წელი. და მივიდნენ მასთან მეორე წელს, და უთხრეს მას: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ვერცხლი გამოგველია და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა. არაფერი არ შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა. 19 რატომ უნდა მოვისპოთ შენს თვალწინ, და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურში, და ვიქნებით ფარაონის მონები. და მოგვეცი თესლი, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ, და მიწა არ გაუკაცრიელდეს”. 20 და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისათვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი საყანე, როცა იმძლავრა მათზე შიმშილმა. და გახდა მიწა ფარაონისა. 21 და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. 22 მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც მათ მისცა ფარაონმა. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები. 23 და უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, ნაყიდი მყავხართ თქვენ დღეს ფარაონისათვის თქვენს მიწებთან ერთად. აჰა, აქ არის თესლი თქვენთვის და დათესეთ მიწა. 24 და მოსავლის აღებისას მიეცით მეხუთედი ფარაონს, ოთხი წილი კი თქვენი იქნება მინდვრის დასათესად და თქვენს გამოსაკვებად, და თქვენს სახლში მყოფთა და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად.” 25 და თქვეს: „შენ იხსენი ჩვენი სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.” 26 და დაადგინა იოსებმა კანონად ეგვიპტის მიწაზე დღემდე: მოსავლის მეხუთედი ფარაონს. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ იყო ფარაონისა. 27 და დასახლდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. და დაეუფლნენ მას, და მოშენდნენ და ძალზე მომრავლდნენ. 28 და სახლობდა იაკობი ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი, და იყო მისი სიცოცხლის დღენი ას ორმოცდაშვიდი წელი. 29 და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა მას: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში, 30 რათა განვისვენო ჩემს მამებთან, წამიღებ ეგვიპტიდან და დამმარხავ მათ სამარხში.” და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ გავაკეთებ!” 31 და უთხრა: „შემომფიცე!” და შეჰფიცა. და თაყვანი სცა ისრაელმა საწოლის სასთუმალზე.

თავი ორმოცდამეექვსე                                                                                                                  თავი ორმოცდემერვე

COMMENTS