Homeდაბადება

დაბადება 15

ძველი აღთქმა
დაბადება

151 ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში ესმა სიტყვა უფლისა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ მფარველი შენი. ძალზე დიდია შენი საზღაური!” 2 და უთხრა აბრამმა: „ბატონო უფალო, რა შეგიძლია მომცე, როცა უშვილოდ გადავდივარ და ჩემი მემკვიდრე ეს დამასკოელი ელიეზერია?” 3 და თქვა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემი მსახური, რომელიც ჩემს სახლშია შობილი, გახდება ჩემი მემკვიდრე.” 4 და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.” 5 და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს აღრიცხვა მათი.” და უთხრა მან: „ასე იქნება შენი შთამომავლობაც”. 6 და ერწმუნა იგი უფალს, და ეს შეერაცხა მას სიმართლედ. 7 და უთხრა მას უფალმა: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ქალდეველთა ურიდან, რათა მოგცე ეს ქვეყანა სამკვიდრებლად.” 8 და მან უპასუხა: „ბატონო უფალო, საიდან უნდა გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?” 9 და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამწლიანი დეკეული და სამწლიანი თხა, სამწლიანი ვერძი და გვრიტი და მტრედის ხუნდი.” 10 და მიუყვანა ისინი, დაჭრა შუა-შუა და მიუწყო ისინი ერთმანეთის პირდაპირ. მხოლოდ ფრინველები არ დაუჭრია შუაზე. 11 და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა განდევნა ისინი. 12 და მზის ჩასვლისას მაგრად ჩაეძინა აბრამს. და მაშინ ძრწოლამ და დიდმა სიბნელემ მოიცვა იგი. 13 და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, რომ მდგმურებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში და დაიმონებენ მათ, და დაჩაგრავენ მათ ოთხას წელიწადს. 14 და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი. და შემდგომ ამისა გამოვლენ ისინი დიდი ქონებით. 15 და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები. 16 და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორეველთა ურჯულოება.” 17 როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა იმ ნაჭრებს შორის. 18 და იმ დღეს დადო აღთქმა უფალმა აბრამთან, და უთხრა: „შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა, ეგვიპტის მდინარიდან ევფრატის დიდ მდინარემდე: 19 კენიელი, კენიზელი, კადმონელი, 20 ხეთელი, ფერიზელი, რეფაიმელი, 21 ამორეველი, ქანაანელი, გირგაშელი და იებუსეველი.”თავი მეთოთხმეტე                                                                                                                            თავი მეთექვსმეტე

COMMENTS