Homeდაბადება

დაბადება 46

ძველი აღთქმა
დაბადება
461 და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო მთელი თავისი მონაგები, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს. 2 და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!” და თქვა: „აქა ვარ!” 3 და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. 4 მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.” 5 და გაემართა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს ისრაელის ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი ნორჩები და თავიანთი ცოლები ეტლებით, რომლებიც გამოგზავნა ფარაონმა მათ წასაყვანად. 6 და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად. 7 თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი შთამომავლობა მიიყვანა თავისთან ერთად ეგვიპტეში. 8 და ესენია სახელები ეგვიპტეში მისულ ისრაელის ძეთა: იაკობი და მისი ძენი: პირმშო იაკობისა რეუბენი. 9 და ძენი რეუბენისა: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. 10 და ძენი სიმონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. 11 და ძენი ლევისა: გერშონი, კეჰათი და მერარი. 12 და იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და იყვნენ ძენი ფერეცისა: ხეცრონი და ხამული. 13 და ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი. 14 და ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლელი. 15 და ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ ოცდაცამეტი სული. 16 და ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი. 17 და ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი მათი და; და ძენი ბერიყასი: ხებერი და მალქიელი. 18 და ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს თექვსმეტი სული. 19 და ძენი რახელისა, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი. 20 და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მენაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. 21 და ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი. 22 ესენი იყვნენ რახელის ძენი, რომელნიც შეეძინენ იაკობს, სულ თოთხმეტი სული. 23 და ძე დანისა – ხუშიმი. 24 და ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი. 25 ესენია ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს სულ შვიდი სული. 26 ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი საზარდულიდან გამოსულნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო სამოცდაექვსი სული. 27 და იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ, სამოცდაათი იყო. 28 და იუდა გაუშვა თავის წინ იოსებთან, რომ ესწავლებინა გოშენის გზა. და მივიდნენ გოშენის ქვეყანაში. 29 და შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან, შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე. 30 და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ისევ ცოცხალი ხარ!” 31 და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თავის მამის სახლს: „მე ავალ და მოვუთხრობ ფარაონს, და ვეტყვი მას: ‘ჩემი ძმები და მამაჩემის სახლი, რომელნიც ცხოვრობდნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან; 32 ეს კაცები, ცხვრის მწყემსები არიან, რადგან მეჯოგე ხალხია ისინი. და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, და მთელი მათი მონაგები, მოიყვანეს.’ 33 და თუ მოგიხმობთ ფარაონი და გეტყვით: ‘რა არის თქვენი საქმიანობა?’ 34 ეტყვით: ‘მეჯოგე ხალხი იყვნენ შენი მსახურნი, სიყრმიდან ასე იყვნენ დღემდე, ჩვენც, ასევე – ჩვენი მამებიც;’ რათა დამკვიდრდეთ გოშენის ქვეყანაში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.

თავი ორმოცდამეხუთე                                                                                                           თავი ორმოცდამეშვიდე

COMMENTS