Homeდაბადება

დაბადება 11

ძველი აღთქმა
დაბადება

111 და ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა. 2 და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და დამკვიდრდნენ იქ. 3 და თქვეს: „მოდი, გავაკეთოთ აგურები და გამოვწვათ ცეცხლში”. და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და ფისი – კირად. 4 და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე”. 5 და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები. 6 და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. და დაიწყეს ამის კეთება. და ახლა მათთვის აღარაფერი არ იქნება მიუღწეველი. 7 ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა, რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს”. 8 და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება. 9 ამიტომ ეწოდა მას სახელად ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა ენები და იქიდან გაფანტა ისინი მიწის პირზე. 10 ეს არის სემის შთამომავლობა: სემი იყო ასი წლისა, როდესაც, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი. 11 და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 12 ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როდესაც შვა შელახი. 13 და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 14 ოცდაათი წლის იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი. 15 და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 16 ოცდათოთხმეტი წლის იყო ყებერი, როდესაც შეეძინა ფელეგი. 17 და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 18 ოცდაათი წლის იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ. 19 და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 20 ოცდათორმეტი წლის იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი. 21 და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 22 ოცდაათი წლის იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი. 23 და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 24 ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი. 25 და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 26 და იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი, და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი. 27 და ეს არის თერახის შთამომავლობა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ხარანი; და ხარანმა შვა ლოტი. 28 და მოკვდა ხარანი თერახის, მამამისის, სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში, ქალდეველთა ურში. 29 და მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, ასული ხარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა. 30 და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი. 31 და წაიყვანა თერახმა აბრამი – თავისი ძე, და ლოტი – ხარანის ძე, თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, რომ წასულიყო ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ხარანამდე, და იქ დამკვიდრდნენ. 32 თერახმა იცხოვრა ორას ხუთი წელი და თერახი ხარანში მოკვდა.

თავი მეათე                                                                                                                                         თავი მეთორმეტე

COMMENTS