Homeდაბადება

დაბადება 49

ძველი აღთქმა
დაბადება491 და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. 2 შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს! 3 რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და პირველნაყოფი ჩემი ძალისა, ჭარბობ ღირსებით და ძალმოსილებით! 4 სწრაფი ხარ წყალივით, მაგრამ არ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე სარეცელი ჩემი! 5 სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი. 6 მათ თათბირზე ნუ მივა ჩემი სული, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ჟინით გამოძარღვეს ხარი! 7 წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან ძლიერია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში, და გავაბნევ ისრაელში! 8 იუდა! შენ შეგაქებენ შენი ძმანი. შენი ხელი შენს მტერთა ხერხემალზეა, და გეთაყვანებიან შენს მამაშენის ძენი. 9 ლომის ლეკვია იუდა, აღმართულხარ, შვილო ჩემო, ნადავლით ხელში. წაიხარა, დაწვა როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი. ვინ გაბედავს მის წამოგდებას? 10 არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები! 11 ის გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს და ლერწზე თავისი ვირის ნაშიერს. ღვინოში ჩარეცხავს ის თავის სამოსელს და ყურძნის სისხლში – ტანსაცმელს. 12 თვალები მისი ღვინის უწითლესია და კბილები მისი რძის უთეთრესი! 13 ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი! 14 ისაქარი მაგარი ვირია, საპალნეებს შუა გაშხლართული. 15 და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები ტვირთის საზიდავად და გახდა ხარკის მუშა! 16 დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა. 17 და იქნება დანი გველად გზაზე და ასპიტად ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა. და გადაყირავდება მისი მხედარი! 18 შენგან მოველი ხსნას, უფალო! 19 გადს მოაწყდებიან ურდოები და ის თავად მისწვდება მათ ქუსლებს. 20 აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს. 21 ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი მოხდენილ სიტყვათა. 22 ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები! 23 გაამწარეს ის და დაისრეს, და მტრობდნენ მას მოისარნი. 24 და მისი მშვილდი კვლავ მაგარია და მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის მძლავრის ხელით. აქედანაა მწყემსი, საყრდენი ლოდი ისრაელისა. 25 მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით. 26 კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე. იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. 27 ბენიამინი მტაცებელი მგელია: დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი გაანაწილებს ნადავლს.” 28 ყველა ესენი ისრაელის თორმეტი ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ. და აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით. 29 და უბრძანა მათ: „მე შევეძინები ჩემს ხალხს. დამმარხეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის მინდორზეა. 30 მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს გასწვრივ, ქანაანის ქვეყანაში, მინდორზე, რომელიც იყიდა აბრაამმა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად. 31 იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა. 32 ეს მინდორი და მღვიმე, რომელიც არის იქ, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.” 33 და დაასრულა იაკობმა ბრძანება თავის ძეთათვის, და აკრიბა სარეცელზე ფეხები და აღესრულა, და შეეძინა თავის ხალხს.

თავი ორმოცდამერვე                                                                                                                    თავი ორმოცდამეათე

COMMENTS