Homeდაბადება

დაბადება 44

ძველი აღთქმა
დაბადება
441 და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე. 2 და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.” და მან გააკეთა იოსების სიტყვებისამებრ, როგორც ბრძანა. 3 და გათენდა, და გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით. 4 ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რად მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ? 5 ეს ხომ ისაა, რომლიდანაც სვამს ჩემი ბატონი და ამით მარჩიელობს? ცუდად მოიქეცით!’” 6 და დაეწია და გაუმეორა მათ ეს სიტყვები. 7 და უთხრეს მათ: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამ საქმის ჩადენისგან! 8 ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?! 9 თუ რომელიმე ჩვენგანს აღმოაჩნდეს, მოკვდეს ის, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს.” 10 და მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები თავისუფალი იქნებით.” 11 და სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირები. 12 გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში. 13 და შემოიხიეს მათ თავიანთი სამოსელი, და დატვირთეს თავიანთი სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში. 14 და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის კი ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე. 15 და უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?” 16 და თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ და რითი გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენს მსახურთა დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.” 17 და თქვა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან.” 18 და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს ჩემი ბატონის ყურთა სასმენად, და ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ! 19 ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო. 20 და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა., რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს. 21 და გვითხარი შენს მსახურთ: ‘ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან, და ჩემი თვალით ვნახავ.’ 22 და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’ 23 და გვითხარი შენს მსახურთ: ‘თუ არ ჩამოვიდა თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად, ჩემ სახეს ვერ იხილავთ.’ 24 და ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და მოვუთხრეთ ჩემი ბატონის სიტყვები. 25 და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ მცირედი საზრდო.’ 26 და ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ ვიხილავთ იმ კაცის სახეს, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’ 27 და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე ჩემმა ცოლმა. 28 და წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს. 29 წაიყვანთ ამასაც ჩემი პირისგან და, თუ შეემთხვა ფათერაკი, ჩადებთ ჩემს გამწარებულ ჭაღარას შავეთში.’ 30 და ახლა, რომ მივუვალთ მამაჩვენს, შენს მსახურს, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული, 31 და როცა ნახავს, რომ ის არ არის ჩვენთან, მოკვდება, და ჩადებენ შენი მსახურნი შენი მსახურის, მამაჩვენის, ჭაღარას დამწუხრებულს შავეთში. 32 შენი მსახური მამაჩემთან გავხდი თავდები ამ ყმაწვილისათვის, როცა ვუთხარი: ‘თუ არ მოგიყვან მას, მაშინ შემცოდე ვიყო მამაჩემის წინაშე სამუდამოდ.’ 33 და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემს ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად, 34 რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!”თავი ორმოცდამესამე                                                                                                                თავი ორმოცდამეხუთე

COMMENTS