Homeდაბადება

დაბადება 40

ძველი აღთქმა
დაბადება401 ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს. 2 და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს. 3 და გადასცა ისინი საპყრობილეში, მცველთაუფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული. 4 და მცველთაუფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. 5 და ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი: მწდეთაუხუცესს და მეპურეთუხუცესსაც. 6 და მივიდა დილით მათთან იოსები და დაინახა ისინი, და აჰა, დაღვრემილნი არიან. 7 და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ გაქვთ დღეს თქვენ სახე მწუხარე?” 8 და უთხრეს მას: “სიზმარი გვესიზმრა და არავინაა ამხსნელი.” „განა უფლისგან არ არის მათი ახსნა?” – უთხრა მათ იოსებმა: „მიამბეთ მე.” 9 და უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ჩემს სიზმარში აჰა, ვაზია ჩემ წინაშე. 10 და სამი რტო აქვს ვაზს. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა მტევნები. 11 და ფარაონის თასია ჩემს ხელთ. და ავიღე ყურძენი, ჩავწურე თასში და ხელის გულზე დავუდგი ფარაონს.” 12 და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა. 13 სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და მიაწვდი ფარაონს თასს ხელში, უწინდელი წესისამებრ, როცა მისი მწდე იყავი. 14 ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად იქნები, და მიყავი წყალობა: გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან, 15 რადგან მოპარული ვარ მე ებრაელთა ქვეყნიდან. და აქაც არაფერი ჩამიდენია, რომ ჩამაგდეს დილეგში. 16 როცა დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კარგად ახსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვიხილე სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე, 17 და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველი ჰკენკავს მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.” 18 და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. 19 სამი დღის შემდეგ ფარაონი მოგკვეთს თავს და ჩამოგკიდებს ხეზე. და ფრინველი შეჭამს შენს ხორცს.” 20 მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო, და გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის ყველა მსახურს და გაიხსენა თავისი მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. 21 და დააბრუნა მწდეთუხუცესი თავისავე თანამდებობაზე, და იგი კვლავ მიართმევდა ფიალას ფარაონს; 22 ხოლო მეპურეთუხუცესი ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა. 23 და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.

თავი ოცდამეცხრამეტე                                                                                                            თავი ორმოცდამეერთე

COMMENTS