Homeდაბადება

დაბადება 39

ძველი აღთქმა
დაბადება
391 იოსები ჩაყვანილ იქნა ეგვიპტეში, და ისმაელიანთაგან იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა, ეგვიპტელმა კაცმა. 2 და არ მიატოვა უფალმა იოსები, და იყო იგი წარმატებული კაცი, და ცხოვრობდა იგი თავისი ბატონის სახლში. 3 და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და, რასაც კი იგი აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა. 4 და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ხელთ ჩააბარა. 5 და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა სახლში და ველზე. 6 და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა ჭამა-სმისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად. 7 ამ ამბის შემდეგ იყო, რომ დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს თვალი და უთხრა: „დაწექი ჩემთან.” 8 და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, რადგან ხელში ჩამაბარა ყველაფერი, რაც აბადია. 9 არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. და როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?” 10 და ყოველდღე აწვევდა ქალი იოსებს, მაგრამ არ თანხმდებოდა იგი, რომ დაწოლილიყო და ყოფილიყო მასთან. 11 და ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, და არავინ არ იყო სახლის კაცთაგან შინ. 12 და ჩაეჭიდა ის მის სამოსელს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!” და მან ხელში შეატოვა თავისი სამოსელი, და გარეთ გავარდა და გაიქცა სახლიდან. 13 და როცა მან დაინახა, რომ მან ხელში შეატოვა მას თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა, 14 დაუძახა მან თავისი სახლის კაცებს, და უთხრა მათ: „შეხედეთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ვიყვირე დიდი ხმით. 15 და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი სამოსელი და კარიდან გავარდა.” 16 და დაიდო მან მისი ტანსაცმელი თავისთან, თავისი ბატონის სახლში მოსვლამდე, 17 და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა, რომ პატივი აეხადა ჩემთვის! 18 და როცა ავიმაღლე ხმა და ვიკივლე, შემომატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა!” 19 და როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე მომექცაო შენი მონა, ძალზე განრისხდა იგი. 20 და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეში, სადაც დაპატიმრებული იყვნენ მეფის პატიმრები. და იყო იგი იქ, საპყრობილეში. 21 მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და მიანიჭა მას მადლი საპყრობილის უფროსის თვალში. 22 და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი იოსებს ხელთ, და გახდა ის გამგებელი ყველაფრისა, რასაც კი ისინი აკეთებდნენ საპყრობილეში. 23 საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.

თავი ოცდამეთვრამეტე                                                                                                                       თავი მეორმოცე

COMMENTS