Homeდაბადება

დაბადება 19

ძველი აღთქმა
დაბადება

191 და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე. 2 და თქვა: „ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!” და უთხრეს: „არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.” 3 დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 4 ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. 5 და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.” 6 და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი, 7 და თქვა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. 8 აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!” 9 და უთხრეს: „მოშორდი აქედან!” და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!” და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. 10 მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები. 11 ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში. 12 და ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან, 13 რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათზე ღაღადი უფლის წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის გასანადგურებლად.” 14 და გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სიძეებს, მისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით, გადით ამ ადგილიდან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს მას.” და სასაცილო შეიქნა იგი თავის სიძეთა თვალში. 15 და როგორც კი ინათა, ანგელოზებმა ააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ, წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოებაში.” 16 მაგრამ აყოვნებდა და იმ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს იგი ქალაქის გარეთ. 17 და როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, რომ არ დაიღუპო!” 18 და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო! 19 რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა წყალობა შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მიიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას, და მოვკვდე!” 20 აჰა, ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, და თან პატარაც არის. იქ შევაფარებ თავს, რადგან ის პატარაა და ცოცხალი გადავრჩები.” 21 და უთხრა მას: “ამაშიც გაპატიებ, და არ დავამხობ ამ ქალაქს, რომელზეც თქვი. 22 იჩქარე, თავი შეაფარე იქ, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი (პატარა). 23 და ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოყარს, 24 და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას. 25 და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა. 26 და მოიხედა უკან მისმა ცოლმა და იქცა მარილის სვეტად. 27 და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე. 28 და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: მთელს არემარეს ასდიოდა კვამლი მიწიდან, როგორც კვამლი ქურისა. 29 და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი. 30 და წავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად. 31 და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი, და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. 32 მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და დავწვეთ მასთან, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.” 33 და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამეს, და მივიდა უფროსი და დაუწვა თავის მამას. და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა. 34 და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, დაუწექი მას, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.” 35 და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამესაც, და მივიდა უმცროსი და, და დაუწვა თავის მამას, და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა. 36 და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან. 37 და ეყოლა უფროსს ძე და უწოდა მას სახელად მოაბი და თქვა: ჩემი მამისაგან იგი გახდა მოაბელთა მამა. 38 და უმცროსსაც ეყოლა ძე, და უწოდა სახელად ბენ-ყამი და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. იგი გახდა ყამონელთა მამა.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                         თავი მეოცე

COMMENTS