ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
21 და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა. 2 და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა. 3 და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა. 4 ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას: 5 არცერთი ბუჩქი მინდვრისა ჯერ არ იყო მიწაზე და არც ბალახი მინდვრისა ჯერ არ აღმოცენებულიყო, რადგან უფალ ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა მიწაზე, და არ იყო კაცი, რომ დაემუშავებინა მიწა. 6 და ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს. 7 და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. 8 და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა. 9 და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ხეები წარმტაცნი საცქერლად და გემრიელი საჭმელად. და შუაგულ ბაღში იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. 10 და მდინარე ედემიდან გამოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და შემდეგ იყოფოდა ოთხ ტოტად: 11 ერთის სახელი იყო ფიშონი; ის გარს უვლიდა ხავილას ქვეყანას, სადაც ოქრო იყო. 12 და იმ ქვეყნის ოქრო კარგი იყო. და იქ იყო ბროლი და ზურმუხტის ქვა. 13 და მეორე მდინარის სახელი იყო გიხონი. იგი გარს უვლიდა მთელს ქუშის ქვეყანას. 14 და მესამე მდინარე იყო ტიგროსი. იგი მიედინებოდა აშურის აღმოსავლეთით. და მეოთხე მდინარე – ევფრატი. 15 და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი. 16 და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, 17 მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები. 18 და თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.” 19 და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ეხილა, რას უწოდებდა მათ; და რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი. 20 და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ციურ ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ იყო მისი შესაფერისი შემწე. 21 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა დაეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. 22 და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან. 23 და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი. 24 და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.” 25 და იყვნენ ორივენი შიშვლები, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.თავი პირველი თავი მესამე