Homeდაბადება

დაბადება 41

ძველი აღთქმა
დაბადება411 და ორი წლის თავზე ესიზმრება ფარაონს: აჰა, დგას ნილოსის პირას, 2 აჰა, ნილოსიდან ამოდის ლამაზი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში. 3 და აჰა, მათ შემდეგ ნილოსიდან ამოდის კიდევ შვიდი სხვა ძროხა, ცუდი შესახედაობისა და დამჭლევებულნი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას. 4 და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდამჭლევებულმა ძროხებმა შვიდი ლამაზი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს. 5 მან კვლავ დაიძინა და ესიზმრა მეორედ: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი. 6 და აჰა, მათ შემდეგ აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისაგან გარუჯული თავთავი. 7 და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი. და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი. 8 და დილით შეშფოთდა მისი სული, და დაგზავნა და იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ყველა ბრძენი, და უამბო ფარაონმა მათ თავისი სიზმარი. და ვერავინ ვერ აუხსნა ისინი ფარაონს. 9 და უთხრა ფარაონს მწდეთუხუცესმა: „ჩემს ცოდვებს ვიხსენებ მე დღეს: 10 ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად. 11 და გვესიზმრა სიზმარი ერთ ღამეს მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი გვესიზმრა. 12 და იქ ჩვენთან იყო ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ. 13 და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: ჩემს თანამდებობაზე დამაბრუნა მე ფარაონმა, ის კი ჩამოჰკიდა.” 14 და მიავლინა ფარაონმა და იხმო იოსები. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. და გაიპარსა და გამოიცვალა სამოსელი, და მივიდა ფარაონთან. 15 და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.” 16 და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.” 17 და მოუყვა ფარაონი იოსებს: „მე მესიზმრა: აჰა, ვდგავარ მდინარის პირას. 18 და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და შესახადავად ლამაზი ძროხა, და ლელიანში დაიწყეს ძოვა. 19 აჰა, მათ შემდეგ ამოდის სხვა შვიდი ძროხა, მეტისმეტად უგვანი და ხორცდამჭლევებული. ეგვიპტის მთელ ქვეყანაში მათზე უგვანი არაფერი მინახავს. 20 და შეჭამეს დამჭლევებულმა და უგვანმა ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა. 21 და შევიდნენ მათ შიგანში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი შევიდნენ მათ შიგანში, და ისეთივე უგვანები დარჩნენ, როგორიც იყვნენ, და გამომეღვიძა. 22 და აჰა, ვიხილე სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი. 23 და აჰა, შვიდი თავთავი გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული, აღმოცენდა მათ შემდეგ. 24 და შთანთქეს წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი. და ვუამბე მე ეს მისნებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.” 25 და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვთ, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც მან უკვე აცნობა ფარაონს. 26 შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია. 27 და შვიდი ძროხა, დამჭლევებული და უგვანი, მათ შემდეგ მოსული, შვიდი წელია. და შვიდი გამოფიტული თავთავი, ხორშაკისაგან გარუჯული, შიმშილის შვიდი წელია. 28 ამიტომ ვუთხარი ფარაონს, ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რისი გაკეთებაც სურს. 29 და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის ქვეყანაში. 30 და მის შემდეგ დადგება შიმშილის შვიდი წელიწადი. და დავიწყებული იქნება მთელი სიუხვე ეგვიპტის ქეყანაში, და დააუძლურებს შიმშილი ქვეყანას. 31 და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება. 32 და რომ ის გაუმეორდა ფარაონს ორჯერ, ეს იმიტომ, რომ ეს საქმე ღვთისაგანაა და ჩქარობს ღმერთი მის აღსრულებას. 33 და ახლა გამონახოს ფარაონმა და დააყენოს გონიერი და ბრძენი კაცი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. 34 და ბრძანოს ფარაონმა, და განაწესოს ზედამხედველნი ქვეყანაზე. და ახდევინოს მეხუთედი ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის შვიდ წელიწადში. 35 და დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, და დაახვავონ ხორბალი ქალაქთა საზრდოდ ფარაონის გამგებლობაში, და გაუფრთხილდნენ. 36 და იქნება ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში. და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.” 37 და მოეწონათ ფარაონსა და ყველა მის მსახურს ეს სიტყვა. 38 და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ასეთ კაცს, როგორც ეს არის, კაცს, რომელშიც ღვთის სული იქნება?” 39 და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი! 40 შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.” 41 და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.” 42 და მოიძრო ფარაონმა ხელიდან თავისი ბეჭედი, და გაუკეთა იოსებს ხელზე და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს შიბი კისერზე. 43 ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით. და გამოეცხადებინათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ” და დაადგინა იგი მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე. 44 და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ ვერავინ ვერ გაძრავს ვერც ხელსა და ვერც ფეხს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.” 45 და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფანეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში. 46 ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა. 47 და სიუხვის შვიდწლეულში წარმოქმნა მიწამ სავსე პეშვი. 48 და შეაგროვა მან შვიდი წლის მთელი ხორბლის მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და გააკეთა საზრდოს მარაგი ქალაქებში. და თითოეულ ქალაქში შეინახა საზრდო მინდვრისა, რომელიც გარს ერტყა ქალაქს. 49 და დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი. 50 შიმშილის წელიწადის დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის, ასულმა. 51 და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: „დამავიწყა მე ღმერთმა ყოველი ტანჯვა და მთელი სახლი მამაჩემისა.” 52 და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რადგან თქვა: „ნაყოფიერმყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.” 53 და დასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში. 54 და დაიწყო შიმშილის შვიდი წელიწადი, როგორც თქვა იოსებმა. და იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური. 55 და როცა ეგვიპტის ქვეყანაშიც დაიწყო შიმშილი, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისათვის. და უთხრა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, რასაც ის გეტყვით, გააკეთეთ!” 56 და იყო შიმშილი მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა. 57 და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.

თავი მეორმოცე                                                                                                                           თავი ორმოცდამეორე

COMMENTS