დაბადება 16

By
მარტი 11, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება

161 და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. და მას ჰყავდა ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი. 2 და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამაბრკოლა შვილოსნობისაგან. შედი ჩემს მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.” და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. 3 და მისცა სარაიმ, აბრამის ცოლმა, თავისი ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი თავის ქმარს ცოლად, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის შემდეგ. 4 და შევიდა იგი ჰაგართან, და დაორსულდა იგი. და როცა დაინახა ჰაგარმა, რომ ორსულად იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში. 5 და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; და როცა დაინახა, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. და აწ უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის.” 6 და უთხრა აბრამმა სარაის: „აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი, და რაც გინდა, ის უყავი.” და ჩაგრავდა მას სარაი, და ის გაექცა მას. 7 და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, შურის გზაზე. 8 და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?” და მან უპასუხა: “სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.” 9 და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.” 10 და კიდევ უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „გავამრავლებ შენს შთამომავლობას, და ვერ აღირიცხება იგი სიმრავლისაგან.” 11 და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, შენ ორსულადა ხარ და შობ ვაჟს, და ისმაელს უწოდებ სახელად, რადგან შეისმინა უფალმა შენი გასაჭირი. 12 და იქნება იგი ველური კაცი; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება იქნება მის წინააღმდეგ და თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი.” 13 და უწოდა სახელი უფალს, მასთან მოლაპარაკეს: „შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი!” რადგან თქვა: „ხომ ვნახე აქ კვალი ჩემი მხილველისა.” 14 ამიტომ უწოდა ჭას „ბეერ-ლახაი-როი (მხილველის ჭა).” იგი მდებარეობს კადეშსა და ბარედს შორის. 15 და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და უწოდა აბრამმა სახელად თავის ძეს, რომელიც უშვა მას ჰაგარმა, ისმაელი. 16 და აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როდესაც ისმაელი უშვა მას ჰაგარმა.თავი მეთხუთმეტე                                                                                                                             თავი მეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close