HomeUncategorized

მსაჯული 8

ძველი აღთქმა
მსაჯული
81 და უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: „ეს რა გააკეთე, რომ არ მოგვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი?” და მაგარი ჩხუბი აუტეხეს. 2 და უპასუხა გედეონმა მათ: „თქვენოდენი მე რა გამიკეთებია? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს? 3 ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; და სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებია?” და დაცხრა მათი რისხვა, ეს სიტყვა რომ უთხრა. 4 და მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაქანცულმა. 5 და სთხოვა მან სუქოთის მცხოვრებთ: „მიეცით პურის კვერები იმ ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან დაქანცულები არიან, და მე მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს. 6 და ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: „განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ შენს ლაშქარს მივცეთ პური?” 7 მიუგო გედეონმა: „კეთილი. როცა უფალი ზებახს და ცალმუნაყს ხელში ჩამაგდებინებს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცებს.” 8 და წავიდა იქიდან ფენუელისაკენ, და იგივე სთხოვა მათ; და ფენუელის მკვიდრებმაც იგივე მიუგეს, როგორც სუქოთის მკვიდრებმა მიუგეს. 9 და უთხრა მან ფენუელის მკვიდრებსაც, ასე: „ჩემი დაბრუნებისას ამ კოშკს დავანგრევ.” 10 ხოლო ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, აღმოსავლეთის ძეთა მთელი ლაშქრიდან რაც გადარჩა; ხოლო ას ოცი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი დაცემული იყო. 11 და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, ნობახისა და იოგბეჰას აღმოსავლეთით, და დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი. 12 და გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, და ის კვალდაკვალ დაედევნა მათ, და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე – ზებახი და ცალმუნაყი, და თავზარი დასცა მთელ ბანაკს. 13 და დაბრუნდა გედეონი, ძე იოაშისა, ბრძოლიდან, ქერესის მაღლობიდან. 14 და შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი და დაჰკითხა იგი. და ჩამოუწერა მან სუქოთის მთავრები და მისი უხუცესები – სამოცდაჩვიდმეტი კაცი. 15 და მოვიდა სუქოთელებდთან, და უთხრა: „აი, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო იყო რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: ‘განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ შენს დაქანცულ ხალხს პური მივცეთ?” 16 და გამოიყვანა ქალაქის უხუცესნი, და უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები აიღო, და იმით დასაჯა სუქოთელები. 17 ფენუელის კოშკი დაანგრია და იმ ქალაქის მკვიდრები დახოცა. 18 და უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: „რანაირები იყვნენ ის კაცები, თაბორზე რომ დახოცეთ?” და მათ მიუგეს: „შენნაირები იყვნენ, თითოეული ტანადობით მეფისწულს ჰგავდა.” 19 და თქვა გედეონმა: “ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. ვფიცავ უფალს, თქვენ რომ ისინი გეცოცხლებინათ, აღარც თქვენ დაგხოცავდით.” 20 და უთხრა მან იეთერს, თავის პირმშოს: „ადექი, დახოცე ესენი!” და ვერ იშიშვლა ბიჭმა მახვილი, რადგან შეშინდა, რაკი ჯერ კიდევ პატარა იყო. 21 და უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: „ადექ და შენ დაგვხოცე რადგან რაც კაცია, მისი ძალღონეც ის არის.” და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი, და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს. 22 და უთხრეს ისრაელის კაცებმა გედეონს: „იხელმწიფეთ ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელის ხელიდან.” 23 და უპასუხა მათ გედეონმა: „მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე და არც ჩემი ძე იხელმწიფებს თქვენზე; უფალი იხელმწიფებს თქვენზე.” 24 და უთხრა მათ გედეონმა აგრეთვე: “თხოვნით ერთსა გთხოვთ: თითოეულმა თითო საყურე მომცეს თავის ნადავლიდან.” 25 და მათ უთხრეს: „მოგცემთ.” და გაშალეს წამოსასხამი, და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან. 26 და წონა ოქროს საყურეებისა, მან რომ გამოითხოვა, იყო ათას შვიდასი ოქროს შეკელი, გარდა მიდიანის მეფისაგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდლებისა, ძოწეულისა და გულქანდებისა, მათს აქლემებს კისრებზე რომ ეკიდათ. 27 და გააკეთა მისგან გედეონმა ეფოდი, და დადო იგი თავის ქალაქში, ყოფრაში; და მეძაობდა იქ მთელი ისრაელი იმის კვალზე და მახედ ექცა გედეონსა და მის სახლს. 28 და დამორჩილდა მიდიანი ისრაელის ძეთ, და მეტი აღარ წამოუყვიათ მათ თავი, და მოისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში. 29 და წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე, და თავის სახლში დამკვიდრდა. 30 ხოლო გედეონს ჰყავდა სამოცდაათი ძე, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა მას. 31 და მისმა შექემელმა ხარჭამაც, ვაჟი გაუჩინა; და დაარქვა მას სახელად აბიმელექი. 32 და მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში, და დაიმარხა მისი მამის, იოაშის, სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში. 33 გედეონი რომ მოკვდა, ისევ დაიწყეს ისრაელის ძეთ მეძაობა ბაყალის კვალზე და ღმერთად გაიხადეს ბაყალ-ბერითი. 34 და აღარ გაიხსენეს ისრაელის ძეთ უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან. 35 და არც იერუბაყალ-გედეონის სახლს უყვეს წყალობა, იმ მთელი სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
თავი მეშვიდე                                                                                                                                        თავი მეცხრე

COMMENTS