HomeUncategorized

მსაჯული 3

ძველი აღთქმა
მსაჯული
31 აი, ის ხალხები, უფალმა რომ დატოვა, რათა გამოეცადა მათით ისრაელი, ყველანი, ვინც ქანაანის არც ერთი ომი არ იცოდა, – 2 მხოლოდ იმისათვის, რათა სცოდნოდათ და ესწავლათ ომი ისრაელის ძეთა შემდგომ თაობებს, რომელთაც უწინ არ იცოდნენ ის: 3 ხუთი ფილისტიმელი მთავარი, ყოველი ქანაანელნი, ციდონელნი და ხიველნი, ლიბანის მთაში რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ვიდრე ხამათის მისადგომამდე. 4 და იყვნენ ისინი [დატოვებულნი], რომ მათით გამოეცადა ისრაელი, და სცოდნოდა, თუ დაემორჩილებოდნენ უფლის მცნებებს, რომელნიც მათ მამებს უბრძანა მოსეს ხელით. 5 და ისრაელის ძენი დამკვიდრდნენ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის; 6 და შეირთეს მათი ასულნი ცოლებად, და თავიანთი ასულები მიათხოვეს მათ ძეებს, და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს. 7 და ბოროტება ჩაიდინეს ისრაელის ძეთ უფლის თვალში: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაყალებსა და ყაშთაროთებს. 8 და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშათაიმს, არამის მეფეს, და ემსახურობოდნენ ქუშან-რიშათაიმს ისრაელის ძენი რვა წელი. 9 და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და აღუდგინა უფალმა მხსნელი ისრაელის ძეთ, რომელმაც იხსნა ისინი: ეს იყო ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე. 10 და უფლის სული იყო მასზე, და ის იყო მსაჯული ისრაელისა. და გავიდა იგი სალაშქროდ, და ხელში ჩაუგდო მას უფალმა ქუშან-რიშთაიმი, მეფე არამისა, და სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს. 11 და მოისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. და მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე. 12 და კვლავ დაიწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მეფე მოაბისა, ისრაელზე, რადგან ბოროტება ჩაიდინეს უფლის თვალში. 13 და მან შემოიკრიბა ყამონის ძენი და ყამალეკნი, და წავიდა და დაამარცხა ისრაელი, და დაიპყრო პალმების ქალაქი. 14 და ემსახურებოდნენ ისრაელის ძენი ყეგლონს, მოაბის მეფეს, თვრამეტი წელი. 15 და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და მოუვლინა უფალმა მათ მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძეთაგან, ცაცია კაცი. და ხარკი გაუგზავნეს ისრაელის ძეთ მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს. 16 და გაიკეთა თავისთვის ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთწყრთიანი, და შეიბა იგი თავისი მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე. 17 და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს; და ყეგლონი ძალიან მსუქანი კაცი იყო. 18 და როგორც კი ძღვენი მიართვეს, მაშინვე უკან გაისტუმრა მომტანები. 19 და თავად კი, გილგალთან რომ კერპებია, იქიდან უკან დაბრუნდა და უთხრა: „საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო.” და უპასუხა მან: „ჩუმად!” და ყველა გამოვიდა, ვინც მასთან იყო. 20 და შევიდა ეჰუდი მასთან; და იგი მარტო იჯდა ზემო საგრილებელ ოთახში, და უთხრა ეჰუდმა: „ღვთის სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.” და წამოდგა მეფე სავარძლიდან. 21 და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა. 22 და წვერიან-ვადიანად ჩაიფლო მახვილი და გადაფარა ქონმა მახვილი, რადგან არ გამოუძვრია უკან მახვილი მუცლიდან, და განავალი გარეთ გამოუვიდა. 23 და მერე გამოვიდა ტალანში ეჰუდი, გამოიხურა და გამოიკეტა კარი. 24 და როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მეფის მონები და აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ზემო ოთახის კარი. თქვეს: „მოსასაქმებლად ჩაიკეტებოდა საგრილებელ ოთახში.” 25 იცადეს, ვიდრე არ შეფიქრიანდნენ. და აჰა, არ იქნა და არ გააღო მან ზემო ოთახის კარი. ამიტომ აიღეს გასაღები და გახსნეს კარი და აჰა, მათი ბატონი მიწაზე აგდია მკვდარი. 26 და ეჰუდმა სამშვიდობოს გააღწია, ვიდრე ისინი ყოვნდებოდნენ, და იგი გასცდა კერპებს და სეყირს შეაფარა თავი. 27 და მისვლისას დააყვირა რქის საყვირი ეფრემის მთაში, და ჩამოვიდნენ მასთან ერთად ისრაელის ძენი მთიდან, და წაუძღვა წინ. 28 და უთხრა მათ: „მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა თქვენი მტრები, მოაბელნი.” და გაჰყვნენ უკან, და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონები და აღარავინ გაატარეს. 29 და მოსრეს მოაბელნი იმ დროს ათი ათასამდე კაცი, ყველა ძლიერი და მამაცი, და თავს ვერავინ უშველა. 30 და იმ დღეს მოაბი ისრაელის ხელქვეითად იქცა და მოისვენა და დამშვიდდა ქვეყანა ოთხმოცი წელი. 31 და მის შემდეგ იყო შამგარი, ძე ყანათისა, და მან მოსრა ფილისტიმელთა ექვსასი კაცი ხარის საგმირით; და მანაც იხსნა ისრაელი.
თავი მეორე                                                                                                                                           თავი მეოთხე

COMMENTS