მსაჯული 18

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული

181 იმ დღეებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა; და იმავე დღეებში დანის ტომი ეძიებდა თავისთვის წილხვდომილს დასამკვიდრებლად, რადგან არ ხვდომოდა იმ დღემდე წილი ისრაელის ტომთა შორის. 2 და გაგზავნეს დანის ძეთ თავისი ტომიდან ხუთი კაცი თავისი წრიდან, ძლიერი ვაჟკაცები ცორყადან და ეშთაოლიდან, რათა დაეზვერათ ქვეყანა და გამოეკვლიათ. უთხრეს: „წადით, გამოიკვლიეთ ქვეყანა.” და მივიდნენ ეფრემის მთაზე მიქას სახლთან, და იქ გაათიეს. 3 მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ლევიანი ყმაწვილის ხმა და შევიდნენ იქ, და უთხრეს მას: „აქ ვინ მოგიყვანა, აქ რას აკეთებ, აქ რა გინდა?” 4 და უთხრა მათ: „ასე და ასე მომექცა მიქა: დამიქირავა და მისი მღვდელი გავხდი.” 5 და უთხრეს მას: „ჰკითხე ღმერთს, რომ ვიცოდეთ, ხელი თუ მოგვემართება იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ?” 6 და უთხრა მათ მღვდელმა: „წადით მშვიდობით; უფლის წინაშეა თქვენი გზა, რომელსაც ადგახართ.” 7 და წავიდა ეს ხუთი კაცი და მივიდა ლაიშში და ნახა მასში მყოფი ხალხი, უზრუნველად მცხოვრები, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი; არვინ იყო იმ ქვეყნად რაიმეზე მათი შეურაცხმყოფელი და მათზე მებატონე; ციდონელთაგან შორს ცხოვრობდნენ, და კაციშვილთან საქმე არ ჰქონდათ. 8 და მივიდნენ ისინი თავიანთ ძმებთან ცორყაში და ეშთაოლში, და უთხრეს მათ ძმებმა: „რას იტყვით?” 9 და მათ თქვეს: „ავდგეთ და გავილაშქროთ მასზე, რადგან ვნახეთ ის ქვეყანა. და აჰა, ძალიან კარგია იგი. რა გულ-ხელი დაგიკრეფიათ? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად. 10 მიხვალთ და წააწყდებით უზრუნველ ხალხს. გაშლილი ქვეყანაა. ღმერთმა შენ ჩაგიგდო იგი ხელში. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია, რაც ქვეყანაზეა.” 11 და დაიძრნენ იქიდან, დანის ძეთა საგვარეულოდან, ცორყადან და ეშთაოლიდან, ექვსასი კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი. 12 და ავიდნენ და დაიბანაკეს კირიათ-იეყარიმში, იუდაში. ამიტომ ეძახიან ამ ადგილს დანის ბანაკს დღევანდლამდე. და ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის გადაღმა იყო. 13 და იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ. 14 და მიუგო ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, და უთხრა თავის ძმებს: „თუ იცით, რომ აქ ერთ-ერთ სახლში აქვთ ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? და ახლა მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.” 15 და გადაუხვიეს იქით, და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მოიკითხეს იგი მშვიდობით. 16 და ექვსასი კაცი დანის ძეთაგან საბრძოლო იარაღით შეჭურვილი კარიბჭის შესასვლელთან იდგა. 17 და წავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი კარიბჭის შესასვლელთან იდგა საბრძოლო იარაღით შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით. 18 და ისინი შევიდნენ მიქას სახლში და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი, და ჩამოსხმული კერპი. და ჰკითხა მათ მღვდელმა: „რას აკეთებთ?” 19 და უთხრეს მას: „გაჩუმდი, პირზე ხელი დაიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გიჯობს: ერთი კაცის სახლის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და საგვარეულოს მღვდლობა?” 20 და გაიხარა მღვდლის გულმა, და აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს. 21 და გაბრუნდნენ და წავიდნენ; ბავშვები, ჯოგი და ქონება წინ გაუშვეს. 22 გამოცილებულები იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და წამოეწივნენ დანის ძეთ, 23 დაჰკივლეს დანის ძეებს. და მოუბრუნდნენ და უთხრეს მიქას: „რა დაგემართა, რა გაყვირებს?” 24 და თქვა: „მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, მეტი რაღა დამრჩენია? როგორღა მეუბნებით, რა დაგემართაო?” 25 და უთხრეს მას დანის ძეთ: „აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ დაგეცემიან გააფთრებული კაცები, ჩვენს შორის რომ არიან, და შენს სულსაც დაღუპავ და შენი სახლის სულსაც.” 26 და წავიდნენ დანის ძენი თავიანთი გზით; დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა. 27 და მათ წაიღეს, რაც გაკეთებული ჰქონდა მიქას. და წაიყვანეს მისი მღვდელი, და მივიდნენ ლაიშში, წყნარ და უზრუნველ ხალხთან, და მოსრეს ისინი მახვილის პირით და ქალაქი გადაწვეს ცეცხლით. 28 და არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან შორს იყო ციდონისაგან, კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. და იყო ველზე, რომელიც ბეთ-რეხობთანაა. და ააშენეს მათ ქალაქი და დამკვიდრდნენ მასში, 29 და უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, დანის, სახელობაზე, რომელიც ისრაელს შეეძინა. თუმცა ქალაქს თავდაპირველად ლაიში ერქვა. 30 და აღმართეს დანის ძეთ ქანდაკი; და იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, იგი და მისი ძენი დანის ძეთა ტომის მღვდლები იყვნენ იმ ქვეყნის გადასახლების დღემდე. 31 და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, რაც ღვთის სახლი შილოში იყო.

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                          თავი მეცხრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close