მსაჯული 19

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული
191 იმ დღეებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის მთის კალთაზე. და ხარჭა მოიყვანა იუდას ბეთლემიდან. 2 და შემდეგ შეედავა მას ხარჭა, გაშორდა და წავიდა მამის სახლში, იუდას ბეთლემში, და იყო იქ ოთხი თვე. 3 და ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა დაეყვავებინა და შინ დაებრუნებინა. და მსახური ბიჭი და წყვილი სახედარი ახლდა თან. და შეიყვანა ქალმა იგი თავისი მამის სახლში. და დაინახა იგი ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და სიხარულით გამოეგება. 4 და არ გაუშვა იგი სიმამრმა, ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა მასთან სამი დღე. და ჭამდნენ და სვამდნენ და ღამეს იქვე ათევდნენ. 5 და მეოთხე დღეს ადგნენ დილაადრიანად, და იგი მოემზადა წასასვლელად. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: „გაიმაგრე გული ლუკმა პურით და მერე წადი.” 6 და დასხდნენ ორივენი, ერთად ჭამეს და სვეს. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ იმ კაცს: „მოდი, გაათიე ღამე აქ, მოილხინოს შენმა გულმა.” 7 და ადგა კაცი წასასვლელად, მაგრამ კვლავ სთხოვა სიმამრმა, და მან ისევ იქ გაათია ღამე. 8 და ადგა და მოემზადა წასასვლელად დილაადრიანად მეხუთე დღეს. და უთხრა მას ყმაწვილი ქალის მამამ: „მოდი, დაინაყრე გული და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს.” და ჭამეს ორივემ. 9 და ადგა ის კაცი, რომ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად. და უთხრა მას მისმა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: „აჰა, დღე უკვე საღამოსკენ იხრება, მოდი, ამაღამ დარჩი. დღე სადაცაა მიიწურება, აქ გაათიეთ ღამე და მოილხინოს შენმა გულმა, და ხვალ ადექით დილაადრიანად და გაუდექით თქვენს გზას, და წადი შენი კარვისაკენ.” 10 მაგრამ არ ისურვა ამ კაცმა ღამის კიდევ იქ გათევა, ადგა და წავიდა; და მივიდა იებუსამდე, იერუსალიმი რომ არის; და თან ახლდა თავისი ხარჭა და წყვილი კეხდადგმული სახედარი. 11 იებუსს რომ მიადგნენ, დღე თითქმის მიწურული იყო. და უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: „წავიდეთ, და შევუხვიოთ იებუსეველთა ამ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე.” 12 და უთხრა მას მისმა ბატონმა: „ნუ შევუხვევთ იმ უცხოტომელთა ქალაქში, რომელნიც ისრაელის ძენი არ არიან, და ბარემ გიბყამდე მივიდეთ.” 13 და უთხრა თავის მსახურ ბიჭს: „გასწი, და მივადგეთ რომელიმე ადგილს და გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.” 14 და გასწიეს და წავიდნენ, და ბენიამინის გიბყას მახლობლად თავზე შემოაღამდათ. 15 და გადაუხვიეს იქით, რათა ღამის გასათევად გიბყაში შესულიყვნენ. და მივიდა იგი და დაჯდა ქალაქის მოედანზე, რადგან ღამის გასათევად შინ არავინ შეუშვა ისინი. 16 და აჰა, საღამოხანს ერთი ბერიკაცი ბრუნდებოდა თავისი სამუშაოდან, მინდვრიდან; და ეს კაცი ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ამ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინის ძენი იყვნენ. 17 და აახილა თვალი, და დაინახა მგზავრი ქალაქის მოედანზე. და უთხრა ამ ბერიკაცმა: „საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?” 18 და მან უპასუხა: „ჩვენ იუდას ბეთლემიდან მოვდივართ და მივალთ ეფრემის მთის კალთებამდე, რადგან იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი წასული და ახლა უფლის სახლისაკენ მივდივარ; და შინ არავინ შემიშვა. 19 ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის, აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც, და ამ მსახური ბიჭისთვისაც, არაფერი მაკლია.” 20 და უთხრა მას ბერიკაცმა: „მშვიდობა შენდა, რაც კი რამ გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს.” 21 და შინ შეუშვა, და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს. 22 როცა ისინი თავიანთ გულს ახარებდნენ, აჰა, ქალაქის მკვიდრნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ იმ სახლს და უთხრეს სახლის პატრონს, ბერიკაცს: „გამოიყვანე, შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, რომ შევიცნოთ იგი.” 23 და გამოვიდა მათთან კაცი, პატრონი სახლისა, და უთხრა: „არა, ჩემო ძმებო, გევედრებით, ნუ უზამთ ბოროტებას, რაკი ეს კაცი ჩემს სახლში შემოვიდა; ნუ ჩაიდენთ ამ უხამსობას. 24 აჰა, ჩემი ქალწული ქალიშვილი და ამ კაცის ხარჭა, იმათ გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით მათ, რაც გენებოთ; და ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უხამს საქმეს.” 25 მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ იმ კაცმა ხელი მოჰკიდა თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა მათ. შეიცნეს იგი, მთელი ღამე აწვალებდნენ მას, დილამდე, და გაუშვეს ცისკრის მოახლოებაზე. 26 და მოვიდა ქალი განთიადისას, და დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი ბატონი იდგა, და იქ ეგდო, ვიდრე არ ინათა. 27 და ადგა დილით მისი ბატონი და გააღო სახლის კარები, და გამოვიდა, რომ თავის გზას დასდგომოდა. და აჰა, მისი ხარჭა სახლის კართან აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი. 28 და მან უთხრა: „ადექი და წავიდეთ;” მაგრამ პასუხი არ მიუღია. თავისი ხარჭა სახედარს გადაჰკიდა, ადგა და შინისკენ გასწია. 29 შინ რომ მივიდა, აიღო დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და ასო-ასო დაჭრა, თორმეტ ნაწილად, და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში. 30 და ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: „მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდე. ჩაუფიქრდით, ითათბირეთ და თქვით.”
თავი  მეთვრამეტე                                                                                                                                  თავი მეოცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close