HomeUncategorized

მსაჯული 14

ძველი აღთქმა
მსაჯული
141 და ჩავიდა სამსონი თიმნათში, და ნახა თიმნათში ერთი ქალი ფილისტიმელთა ასულთაგან. 2 და ავიდა და აუწყა თავის მამასა და დედას: „ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელთა ასულთაგან; მომიყვანეთ იგი ცოლად.” 3 და უთხრეს მას მამამისმა და დედამისმა: „ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და შენი ერის ასულებს შორის, რომ მიდიხარ ცოლის მოსაყვანად წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან?” და უთხრა სამსონმა მამას: „მომიყვანე, რადგან ის მომივიდა თვალში.” 4 და მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ უფლისაგან იყო ეს, და რომ ის საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ; და იმ დროს ფილისტიმელნი ბატონობდნენ ისრაელზე. 5 და ჩავიდნენ სამსონი, მამამისი და დედამისი თიმნათში, და თიმნათის ზვრებს რომ მიადგნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მათკენ. 6 და გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა იგი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია. მამამისისა და დედამისისათვის არ უთქვამს, რა გააკეთა. 7 და ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს, და თვალში მოუვიდა იგი სამსონს. 8 და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა; და შეუხვია ლომის მძორის სანახავად და აჰა, ლომის მძორში ფუტკრის გუნდი და თაფლია. 9 და პეშვით გამოიღო თაფლი. და მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. და წამოეწია თავის მამას და დედას, და მისცა მათ ეს თაფლი და ჭამეს. და არ უთქვამს, ლომის მძორიდან რომ იყო გამოღებული. 10 და მივიდა მამამისი ქალთან, და სამსონმა იქვე ლხინი გადაიხადა, როგორც ჭაბუკები იქცეოდნენ ხოლმე. 11 და როცა ნახა იგი, მოიყვანეს ოცდაათი მაყარი, და იყვნენ მასთან. 12 და უთხრა მათ სამსონმა: „გამოსაცნობად ერთ გამოცანას გეტყვით; თუ ამ შვიდდღიანი ლხინის განმავლობაში გამოიცნობთ და ამოხსნით მას, ოცდაათ ხელ სელის სამოსელს და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ; 13 და თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი.” და უთხრეს მას: „თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.” 14 და უთხრა მათ: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი.” და სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა. 15 და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?” 16 და ატირდა სამსონის ცოლი მის წინაშე, და უთხრა: „შენ გძულვარ და არ გიყვარვარ, ჩემი ხალხის ძეებისათვის გამოცანა მიგიცია, ახსნას კი არ მეუბნები.” და მან უპასუხა: „მამაჩემისა და დედაჩემისათვის არ მითქვამს და შენ გითხრა?” 17 და ტიროდა ცოლი მის წინაშე შვიდი დღე, რამდენ ხანსაც ის ლხინი გრძელდებოდა. და მეშვიდე დღეს კი უთხრა თავის ცოლს გამოცანის ახსნა, რადგან იძულებული გახდა. მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა გამოცანა. 18 და ქალაქის მკვიდრებმა მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე უთხრეს სამსონს: „რა არის თაფლზე უტკბესი და ლომზე უძლიერესი?” და უთხრა მათ: „ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.” 19 და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და ჩავიდა აშკელონში და დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, და წამოიღო დავლა და ჩამოურიგა საცვლები გამოცანის გამომცნობთ. და აღიგზნო მისი რისხვა და წავიდა თავისი მამის სახლში. 20 სამსონის ცოლი კი ქმრის მაყარმა შეირთო.
თავი მეცამეტე                                                                                                                             თავი მეთხუთმეტე

COMMENTS