HomeUncategorized

მსაჯული 12

ძველი აღთქმა
მსაჯული
121 და ამის შემდეგ შეიყარნენ ეფრემის კაცები და გადავიდნენ ცაფონში, და უთხრეს იფთახს: „რატომ წახვედი საბრძოლველად ყამონის ძეებთან და ჩვენ არ დაგვიძახე, რომ შენთან წამოვსულიყავით? შენ სახლს თავზე დაგაწვავთ ცეცხლით.” 2 და უთხრა იფთახმა მათ: „მე და ჩემს ხალხს დიდი პაექრობა გვქონდა ყამონის ძეებთან და მე დაგიძახეთ, მაგრამ თქვენ არ მიხსენით მათი ხელიდან. 3 და როცა დავინახე, რომ თქვენ ჩემი მხსნელები არ იყავით, საფრთხეში ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე და წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამაგდებინა ისინი უფალმა. და რად გამოხვედით დღეს ჩემთან საბრძოლველად?” 4 და შეკრიბა იფთახმა ყველა მკვიდრი გილყადისა და შეება ეფრემს და მოსრეს გილყადის მკვიდრებმა ეფრემი, რადგან თქვეს: „თქვენ ეფრემის ლტოლვილები ხართ, გილყადი კი ეფრემის შორისაა და მენაშეს შორისაა.” 5 და გადაუჭრეს გილყადელებმა ეფრემს იორდანეს ფონები და, როდესაც იტყოდა ეფრემის ლტოლვილთაგანი: „გადმოვლახავ,” ეუბნებოდნენ გილყადელი კაცები: „შენ ხომ ეფრემიანი ხარ?” და ის ამბობოდა: „არა!” 6 და ეუბნებოდნენ მას: „აბა თქვი – შიბოლეთ” და თუ იტყოდა „სიბოლეთ” და ვერ გამოთქვამდა სწორად, მაშინ შეიპყრობდნენ მას და კლავდნენ იორდანეს ფონებთან. და დაეცა იმ დროს ეფრემიდან ორმოცდაორი ათასი კაცი. 7 და განსჯიდა იფთახი ისრაელს ექვსი წელი. და მოკვდა გილყადელი იფთახი და დაიმარხა გილყადის ერთ-ერთ ქალაქში. 8 და განსჯიდა მის შემდეგ ისრაელს იბცან ბეთლემელი. 9 და ჰყავდა მას ოცდაათი ძე და ოცდაათი ასული. მან გაათხოვა თავისი ასულები და ოცდაათი ქალიშვილი მოუყვანა თავის ძეებს; და შვიდ წელიწადს განსჯიდა ისრაელს. 10 და მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემს. 11 და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ელონ ზებულუნელი. ათ წელიწადს განსჯიდა იგი ისრაელს. 12 და მოკვდა ელონ ზებულუნელი, და დაიმარხა აიალონში, ზებულუნის ქვეყანაში. 13 და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ყაბდონი, ძე ჰილელისა, ფირყათონელი. 14 და ჰყავდა მას ორმოცი ძე და ოცდაათი შვილიშვილი სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებულნი. და რვა წელიწადი განსჯიდა ისრაელს. 15 და მოკვდა ყაბდონი, ძე ფირყათონელი ჰილელისა, და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის ქვეყანაში, ყამალეკელის მთაზე.
თავი მეთერთმეტე                                                                                                                             თავი მეცამეტე

COMMENTS