ძველი აღთქმა
მსაჯული
91 და წავიდა აბიმელექ იერუბაყალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, და უთხრა მათ და თავისი დედის მამისსახლის მთელ საგვარეულოს: 2 „ჰკითხეთ ყველა შექემელს: ‘რა გირჩევნიათ – მთელი სამოცდაათი კაცი, იერუბაყალის ყველა ძე, ხელმწიფებდეს თქვენზე, თუ მე, ერთი კაცი, ვხელმწიფებდე თქვენზე?’ და გახსოვდეთ, რომ მე თქვენი ძვალი და თქვენი ხორცი ვარ.” 3 და მისმა დედის ძმებმა ჩაასმინეს ყველა შექემელს ყველა ეს სიტყვა მასზე; და გადაიხარა მათი გული აბიმელექისაკენ, რადგან თქვეს: „ძმა არის ჩვენი.” 4 და მისცეს მას სამოცდაათი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან, და დაიქირავა ამით აბიმელექმა უღირსი და თავზეხელაღებული კაცები, და უკან გაჰყვნენ მას. 5 და მივიდა თავისი მამის სახლში, ყოფრაში, და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი, და მხოლოდ იოთამი გადარჩა, იერუბაყალის უმცროსი ვაჟი, რადგან დაიმალა. 6 და თავი მოიყარა ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან აღმართულ სვეტთან, რომელიც შექემშია. 7 და შეატყობინეს იოთამს, და წავიდა ისიც და გადმოდგა გერიზიმის მთის თხემზე, და აღიმაღლა ხმა, და დაიძახა და უთხრა მათ: „ისმინეთ ჩემი, შექემელებო, რათა ღმერთმა გისმინოთ! 8 წავიდნენ ერთხელ ხეები, რომ თავიანთთვის მეფე ეცხოთ, და უთხრეს ზეთისხილს: ‘იმეფე ჩვენზე.’ 9 და უთხრა მათ ზეთისხილმა: ‘მივატოვო ჩემი სიმსუყე, რომლითაც ღმერთსა და კაცს განადიდებენ, და ხეებზე სახეტიალოდ წავიდე?’ 10 და უთხრეს ხეებმა ლეღვს: ‘მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.’ 11 და უთხრა მათ ლეღვმა: ‘მივატოვო ჩემი სიტკბოება და ჩემი ნაყოფი და ხეებზე სახეტიალოდ წავიდე?’ 12 და უთხრეს ხეებმა ვაზს: ‘მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.’ 13 და უთხრა მათ ვაზის ლერწმა: ‘ნუთუ მივატოვო ჩემი წვენი, გამხარებელი ღვთისა და კაცისა, და ხეებზე ვიხეტიალო?” 14 და უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: ‘მოდი, შენ იმეფე ჩვენზე’. 15 და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: ‘თუ თქვენ მართლა თქვენს მეფედ მცხებთ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; და თუ არა და, ამოვარდეს კვრინჩხიდან ცეცხლი და შთაინთქას ლიბანის ნაძვები.’ 16 აბა, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს? ღვაწლისამებრ მოექეცით მას? 17 მამაჩემი თქვენი გულისთვის იბრძოდა, თავისი სული გაწირა, და გიხსნათ თქვენ მიდიანის ხელიდან; 18 და თქვენ დღეს წინ აღუდექით მამაჩემის სახლს და ერთ ქვაზე დაკალით მისი ძეები, სამოცდაათი კაცი და აბიმელექი, მისი ხარჭას ვაჟი, შექემელებზე გაამეფეთ, რადგან თქვენი მოძმეა იგი. 19 და თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს, მაშინ იხარეთ აბიმელექით და მანაც იხაროს თქვენით; 20 თუ არა და, ამოვარდეს ცეცხლი აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი; ამოვარდეს ცეცხლი შექემელთაგან და მილოს სახლიდან და შთანთქას აბიმელექი!” 21 და გამოიპარა იოთამი, გაიქცა და წავიდა ბეერისაკენ, და იქ დამკვიდრდა თავისი ძმის, აბიმელექის, გამო. 22 და მთავრობდა აბიმელექი ისრაელზე სამი წელი. 23 და ღმერთმა ბოროტი სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის, და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს, 24 რათა მოწეულიყო იერუბაყალის სამოცდაათი ძის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს, რომ თავისი ძმები დაეხოცა. 25 და მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა და მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს. 26 და მოვიდნენ გაყალ ყებედის ძე და ძმანი მისნი, და გაიარეს შექემში; და მას მიენდნენ შექემელები. 27 და გავიდნენ მინდორში, მოკრიფეს ყურძენი, დაწურეს და ზეიმი გამართეს. შევიდნენ თავიანთი ღმერთის სახლში და ჭამდნენ და სვამდნენ, და წყევლიდნენ აბიმელექს. 28 და თქვა გაყალ ყებედის ძემ: „ვინ არის აბიმელექი და რა არის შექემი, მას რომ ვემსახუროთ? განა იერუბაყალის ძე არ არის ის და განა ზებული, არ არის მისი მოხელე? უკეთესია ემსახუროთ ხამორს, შექემის მამას, მას რატომ უნდა ვემსახუროთ? 29 ეს ხალხი რომ ჩემს ხელთ იყოს, მე მოვაშორებდი აბიმელექს.” და ეთქვა აბიმელექს: „გაზარდე შენი ჯარი და გამოდი!” 30 ზებულმა, ქალაქის მთავარმა, გაიგო გაყალ ყებედის ძის სიტყვები და აღიგზნო მისი რისხვა. 31 და გაუგზავნა მოციქულები აბიმელექს ფარულად და შეუთვალა: „აჰა, მოვიდა გაყალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და გიმხედრებენ ქალაქს. 32 და ახლა, ამაღამვე, ადექით შენ და შენთან მყოფი ხალხი, და ჩაუსაფრდით ველად. 33 და განთიადისას, მზის ამოსვლისას, ადექი დილაადრიან და შემოუტიე ქალაქს; და წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი და მაშინ ის უყავი მას, რაც შენს ხელს ძალუძს.” 34 და ადგა ღამე აბიმელექი და მთელი მასთან მყოფი ხალხი, და ოთხ რაზმად ჩაუსაფრდა შექემთან. 35 და გამოვიდა გაყალ ყებედის ძე, და დადგა ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად. 36 და, რა დაინახა გაყალმა ხალხი, უთხრა ზებულს: „შეხედე, ხალხი ეშვება მთათა თხემებიდან.” და უთხრა მას ზებულმა: „მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.” 37 და კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: „ხალხი ეშვება მაღლობიდან, და ერთი რაზმი მოდის მისანთა მუხის გზიდან.” 38 და უთხრა მას ზებულმა: „სად არის შენი ბაგე, რომლითაც თქვი: ‘ვინ არის აბიმელექი, მას რომ ვემსახურებოდეთ?’ აგერ, ეს ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ.” 39 და გაუძღვა გაყალი შექემელებს და შეება აბიმელექს. 40 და დაედევნა მას აბიმელექი და უკუიქცა იგი მისგან, და დაეცა მრავალი დახოცილი კარიბჭის შესასვლელამდე. 41 და დარჩა აბიმელექი ყარუმაში; და განდევნა ზებულმა გაყალი და ძმანი მისნი, რათა არ დარჩენილიყვნენ შექემში. 42 მეორე დღეს გავიდა ხალხი ველად და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს. 43 და გაიყვანა მან თავისი ხალხი და გაჰყო ისინი სამ რაზმად, და ველზე ჩასაფრდა. და ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, დაესხა მათ თავს და მოსრა ისინი. 44 აბიმელექი და მისი რაზმები კი წინ გაიჭრნენ და შედგნენ ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან, ხოლო ორი რაზმი შეესია ყველას, ვინც ველზე იყო, და ხოცავდა მათ. 45 აბიმელექი კი მთელი დღე ებრძოდა ქალაქს და აიღო ქალაქი, და გაწყვიტა შიგ მყოფი ხალხი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა. 46 და შეიტყო ეს ამბავი შექემის გოდლის ყველა მკვიდრმა და შეცვიდნენ ელ-ბერითის სახლის გოდოლში. 47 და მოხსენდა აბიმელექს, ერთად შეიყარაო შექემის ყველა მკვიდრი, 48 და ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, და აიღო აბიმელექმა ცული ხელში და მოჭრა ტოტი, და ასწია იგი და გაიდო თავის მხარზე, და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: „ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე გააკეთეთ.” 49 მოჭრა მთელმა ხალხმაც, თითოეულმა თითო ტოტი, და გაჰყვა აბიმელექს, და შემოუწყვეს ისინი გოდოლს და ცეცხლს მისცეს გოდოლი და შიგ მყოფნი. და ამოწყდა შექემის ყველა მკვიდრი, თითქმის ათასამდე კაცი და ქალი. 50 და წავიდა აბიმელექი თებეცში, და ალყა შემოარტყა თებეცს და დაიპყრო იგი. 51 მტკიცე გოდოლი იყო შუა ქალაქში და იქ გაიქცა ყველა, კაცი თუ ქალი, და ყველა მკვიდრი ქალაქისა, და გამოიკეტეს კარი და ავიდნენ გოდლის ბანზე. 52 და მივიდა აბიმელექი გოდოლთან, და შეუტია და მიადგა გოდლის შესასვლელს, რათა დაეწვა იგი ცეცხლით. 53 და ამ დროს ერთმა დედაკაცმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია. 54 და უმალ თავისი საჭურველთმტვირთველი იხმო და უთხრა მას: „იშიშვლე შენი მახვილი და მომკალი, რომ არა თქვან ჩემზე, დედაკაცმა მოკლაო.” და განგმირა იგი მისმა მსახურმა ბიჭმა, და მოკვდა. 55 და როცა დაინახეს ისრაელის კაცებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. 56 ასე მიუზღო სამაგიერო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისათვის, რაც მან თავის მამის მიმართ ჩაიდინა, თავისი სამოცდაათი ძმა რომ მოკლა. 57 და შექემელებზე მოაქცია ღმერთმა ყველა მათი ბოროტება. და ეწიათ მათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა.