მსაჯული 13

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული
131 ისრაელიანები ისევ აკეთებდნენ ბოროტებას უფლის თვალში; და უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაჰყარა ისინი ორმოც წელიწადს. 2 და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა. 3 და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა მას: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ. 4 და ახლა გაფრთხილდი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, და უწმიდური არაფერი ჭამო. 5 რადგან აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.” 6 და მოვიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: „ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, ძალზე საპატიო; არ მიკითხავს მისთვის სადაურობა, და არც თვითონ მითხრა თავისი სახელი. 7 და მითხრა: ‘დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; და არ დალიო ღვინო და თაფლუჭი და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდან მის სიკვდილამდე.’” 8 და ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს, და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება.” 9 და უსმინა ღმერთმა მანოახს, და ხელახლა მოვიდა ღვთის ანგელოზი ამ ქალთან, როცა იგი მინდორში იჯდა, და მანოახი, მისი ქმარი, არ იყო მასთან. 10 და სწრაფად გაიქცა ქალი შეატყობინა თავის ქმარს: „აჰა, გამომეცხადა კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.” 11 და ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს და მივიდა იმ კაცთან და უთხრა მას: „შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკე?” და უთხრა: „მე ვარ.” 12 და უთხრა მანოახმა: „ახლა, შენი სიტყვა რომ ახდება, რა უნდა იყოს ამ ყრმის ცხოვრების წესი და საქმე?” 13 და უფლის ანგელოზმა უთხრა მანოახს: „ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი. 14 და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო და თაფლუჭი არ დალიოს, უწმიდური არაფერი ჭამოს. ყველაფერი, რაც მას ვამცნე, შეასრულოს.” 15 და უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: „ნება გვიბოძე დაგაყოვნოთ და თიკანი მოგიმზადოთ.” 16 და უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულადდასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე.” რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი. 17 და ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: „რა არის შენი სახელი? რათა, შენი სიტყვა რომ ახდება, განგადიდოთ.” 18 და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის მეკითხები სახელს? საკვირველია იგი.” 19 და აიღო მანოახმა თიკანი და პურეულის ძღვენი, და აღუვლინა ქვაზე უფალს, და მან მოახდინა სასწაული. და მანოახი და მისი ცოლი უყურებდნენ. 20 როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. და მანოახი და მისი ცოლი, ეს რომ დაინახეს, პირქვე დაემხნენ მიწაზე. 21 გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახსა და მის ცოლს. და მაშინ მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი. 22 და უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილით მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.” 23 და უპასუხა ცოლმა: „უფალს ჩვენი სიკვდილი რომ ნდომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან სრულადდასაწველსა და პურეულის ძღვენს და არ დაგვანახვებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერ ამას.” 24 და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი, და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა. 25 და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.
თავი მეთორმეტე                                                                                                                        თავი მეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close