HomeUncategorized

მსაჯული 5

ძველი აღთქმა
მსაჯული
51 ასე იგალობეს იმ დღეს დებორამ და ბარაკმა, აბინოყამის ძემ: 2 „წინამძღოლი რომ წინამძღოლობდა, ხალხი ნებით რომ სწირავდა თავს, აკურთხეთ უფალი! 3 ისმინეთ, მეფენო, ყურს იღეთ, დიდებულნო: მე ვუმღერი უფალს, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს. 4 უფალო, შენ რომ სეყირიდან გადმოხვედი, შენ რომ ედომის ველიდან გადმოხვედი, მიწა იძვროდა, ზეცა იღვრებოდა, ღრუბლებიც წყლად იღვრებოდა. 5 მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით ეს სინაიც, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე. 6 შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს ჩაკეტილი იყო გზები, და ბილიკებით მავალნი ირიბი გზებით დადიოდნენ. 7 მოიშალა დაბა-სოფლები ისრაელში, მოიშალნენ, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში. 8 აირჩიეს ახალი ღმერთები, მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გამოჩენილა ფარი და შუბი ორმოცი ათასისა ისრაელში? 9 ჩემი გული ისრაელის მთავრებთანაა, ვინც ნებით შესწირა თავი ხალხიდან. აკურთხეთ უფალი! 10 თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ძვირფას ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, და გზაზედ ქვეითად მავალნო, იგალობეთ! 11 დასარწყულებელ ადგილას, მწყემსთა ხმა რომ ისმის, მოსთვლიან უფლის სამართლიან საქმეებს, სოფლის მკვიდრთა სამართლიან საქმეებს. მაშინ ჩავიდა უფლის ხალხი კარიბჭეებთან. 12 გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! თქვი საგალობელი! ადექი, ბარაკ, დაატყვევე შენი ტყვე, აბინოყამის ძეო! 13 მაშინ ნატამალმა ჩააკითხა დიდებულებს. უფლის ერმა ჩამომაკითხა ვაჟკაცებით. 14 ეფრემიდან მოვიდნენ ისინი, ვისაც ყამალეკში ჰქონდა ფესვი გადგმული; შენს შემდგომ ბენიამინი შენს ხალხშია; მაქირისაგან წამოვიდნენ მთავარნი და ზებულუნისგან მწიგნობრობის კვერთხისმპყრობლები. 15 და მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; და ისაქარი, ისევე როგორც ბარაკი, მის კვალდაკვალ დაეშვა ველზე. და რეუბენის დასებში იყო დიდი ჩხრეკა გულისა. 16 რად იჯექი ფარეხებს შორის? ნახირს რომ უსტვენენ, იმის მოსასმენად? რეუბენის დასებში იყო დიდი ჩხრეკა გულისა. 17 გილყადი იორდანის გაღმა დავანებულა, და დანი რაღას უდგას ხომალდებზე? აშერი ზღვის პირას დამკვიდრებულა, და დავანებულა თავის ნავსაყუდელში. 18 ზებულუნის ხალხმა სული სასიკვდილოდ გაწირა, ასევე მოიქცა ნაფთალი ტრამალის ბორცვებზე. 19 მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან; მაგრამ ნადავლი ვერცხლიც ვერ წაიღეს. 20 ზეციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას. 21 კიშონის ხევმა წალეკა ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით! 22 მაშინ ჭენებით იმსხვრეოდა ცხენის ფლოქვები, მისი ბედაურების ჭენებით. 23 ‘დაწყევლეთ მეროზი,’ – ამბობს უფლის ანგელოზი, ‘დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად მამაცთა შორის.’ 24 კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ცოლი კენიელი ხებერისა. კურთხეულ იყოს კარავში მცხოვრებ დიაცებს შორის. 25 წყალი სთხოვა, და რძე მისცა,დიდებულთა თასით ნაღები მიართვა. 26 ხელი პალოსკენ გაიწოდა და მარჯვენა – მუშის უროსაკენ, და დაჰკრა სისარას, თავი გაუჩეხა, და განგმირა და საფეთქელი შეულეწა. 27 მის ფეხთა შორის ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული. 28 სარკმლიდან გასცქეროდა და მოსთქვამდა სისარას დედა ცხაურიდან: რად აგვიანებს მისი ეტლი მოსვლას, რად აყოვნებენ მისი ეტლიონთა ნაკვალევები? 29 მისი ბრძენი სეფექალები მიუგებენ, და იგი თვითონვე პასუხობს თავის თავს: 30 ‘ეგებ ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ? თითო მხევალი ან ორ-ორი მხევალი თითო მეომარს; ნაალაფარი ფერადი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ფერადი სამოსელი, დაქარგული, ფერადი ორნაქარგიანი სამოსელი ნადავლის ყელიდან’ 31 ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! და მისი მოყვარულნი თავისი ძლიერებით ამომავალ მზესავით იყვნენ!” და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
თავი მეოთხე                                                                                                                                         თავი მეექვსე

COMMENTS