HomeUncategorized

მსაჯული 2

ძველი აღთქმა
მსაჯული
21 და ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „ამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს ფიცით შევფიცე და ვთქვი: ‘არ დავარღვევ თქვენთან დადებულ ჩემს აღთქმას უკუნისამდე, 2 ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის მკვიდრებთან; დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები’. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი ხმა. და რა ჩაიდინეთ თქვენ? 3 და კიდევ ვთქვი: ‘არ განვდევნი მათ თქვენი პირისაგან, და ისინი თქვენი ფერდებისათვის ნარ-ეკლად იქცევიან და მათი ღმერთები მახედ გექცევიან.’” 4 და როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ყველა ისრაელის ძეს, ხალხმა ხმა აღიმაღლა და ატირდა. 5 და უწოდეს სახელი ამ ადგილს ბოქიმი, და შესწირეს იქ მსხვერპლი უფალს. 6 და როცა დაითხოვა იესომ ხალხი, და წავიდნენ ისრაელის ძენი თავ-თავიანთ წილხვდომილი ქვეყნის დასამკვიდრებლად, 7 მაშინ უფალს ემსახურებოდა ხალხი იესოს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომელნიც იესოს მერე ცხოვრობდნენ და რომელთაც ნანახი ჰქონდათ უფლის დიადი საქმე, რაც მან ისრაელისათვის მოიმოქმედა. 8 მაგრამ როცა მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა, 9 და დამარხეს იგი თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთაში, გაყაშის მთის ჩრდილოეთით, მისი სამკვიდრებლის მიწაზე; 10 და აგრეთვე მთელი ის თაობა შეეძინა თავის მამებს, და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და იმ საქმეს, რაც მოიმოქმედა ისრაელისათვის, 11 მაშინ ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში, და ემსახურებოდნენ ბაყალებს; 12 მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, და გაჰყვნენ ისინი სხვა ღმერთებს, იმ ხალხების ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, და თაყვანს სცემდნენ მათ, და აჯავრებდნენ უფალს; 13 და მიატოვეს უფალი, და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს. 14 და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩაჰყარა ისინი და ძარცვეს ისინი; და შემდეგ მტრების ხელში ჩაჰყარა, გარს რომ ერტყნენ, და წინ ვერ აღუდგნენ თავიანთ მტრებს. 15 ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი წარმართავდა მათ საბოროტოდ, როგორც უთხრა მათ უფალმა და როგორც დაუფიცა მათ უფალმა. და დიდად შევიწროვებულნი იყვნენ ისინი. 16 და აღუდგინა უფალმა მსაჯულნი, და იხსნიდნენ ისინი მათ მძარცველების ხელთაგან. 17 მაგრამ თავიანთი მსაჯულებისაც არ ისმინეს, რადგან მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და თაყვანს სცემდნენ მათ; მალევე გადაუხვიეს იმ გზას, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები, უფლის მცნებათა მოსასმენად. და ესინი ასე არ იქცეოდნენ. 18 და როცა უფალი მსაჯულებს აღუდგენდა ხოლმე მათ, უფალი იყო მსაჯულთან, და მათ იხსნიდა მათი მტრების ხელიდან მსაჯულის მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს მათი კვნესის გამო მათი მჩაგვრელებისა და მათი შემაჭირვებლების ხელში. 19 მაგრამ როგორც კი მოკვდებოდა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ, მიჰყვებოდნენ სხვა ღმერთების კვალს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ; არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, თავს არ ანებებდნენ ურჩობის გზას. 20 და კვლავ აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და არ ისმინა ჩემი ხმა, 21 მეც აღარ ავყრი არავის მათი პირისაგან იმ ხალხებიდან, რომლებიც დატოვა იესომ, როცა მოკვდა, – 22 რათა გამოვცადო მათით ისრაელი: დაიცავენ თუ არა ისინი უფლის გზას, და გაჰყვებიან თუ არა მას, როგორც მიჰყვებოდნენ მათი მამები?” 23 და დატოვა უფალმა ეს ხალხები, და აღარ აჰყარა, და არ ჩაუგდო იესოს ხელში.
თავი პირველი                                                                                                                                          თავი მესამე

COMMENTS