HomeUncategorized

მსაჯული 20

ძველი აღთქმა
მსაჯული
201 და გამოვიდა ყველა ისრაელის ძე, და შეიკრიბა თემი, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, და გილყადის ქვეყანა, უფლის წინაშე მიცფაში. 2 და გამოცხადნენ მეთაურები მთელი ერისა, ისრაელის ყოველი ტომისა, ღვთის ერის კრებულში, ოთხასი ათასი ქვეითი კაცი, მახვილის ამომწვდელი. 3 და შეიტყვეს ბენიამინის ძეთ, ისრაელის ძეთა ასვლა მიცფაში. და თქვეს ისრაელის ძეთ: „თქვით, როგორ მოხდა ეს ბოროტება.” 4 და მიუგო ლევიანმა კაცმა, მოკლული ქალის ქმარმა: „ბენიამინის გიბყაში მივედი ჩემს ხარჭასთან ერთად ღამის გასათევად. 5 და აღდგნენ ჩემზე გიბყას მკვიდრნი, და გარს შემოერტყნენ იმ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს. და ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. 6 და ავიღე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი იგი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავაგზავნე, რადგან უხამსობა ჩაიდინეს ისრაელში. 7 აჰა, თქვენ ყველამ, ისრაელის ძენო, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!” 8 და ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: „არავინ არ წავა თავის კარავში და არავინ არ გაბრუნდება შინ. 9 და აჰა, რა უნდა ვუყოთ ახლა გიბყას: წილისყრით [უნდა გავილაშქროთ] მასზე. 10 ისრაელის თითეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი, ხალხისათვის საგზალი მოვატანინოთ, რომელიც, ბენიამინის გიბყაზე წავლენ, დასაჯონ ისინი იმ უხამსობის გამო, რაც ისრაელში ჩაიდინეს!” 11 და ისრაელის ყველა კაცი შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ, ერთი კაცივით გაერთიანდნენ. 12 და გაგზავნეს ისრაელის ტომებმა კაცები ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში? 13 და ახლა მოგვეცით ის გარყვნილი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან.” მაგრამ არ ინებეს ბენიამინის ძეთ თავიანთ მოძმეთა, ისრაელის ძეთა, ხმის გაგონება. 14 და შეიკრიბნენ გიბყაში ბენიამინის ძენი თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართად ისრაელის ძეებთან. 15 და აღირიცხნენ ბენიამინის ძენი იმ დღეს ქალაქთაგან ოცდაექვსი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი; მათ გარდა გიბყას მკვიდრთაგან შვიდასი რჩეული კაცი აღირიცხა. 16 მთელი ამ ხალხიდან შვიდასი რჩეული კაცი ცაცია იყო. თითეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა. 17 და ისრაელის ძენი, ბენიამინის გარდა, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა მახვილის ამომწვდელი, ყველა მათგანი მებრძოლი იყო. 18 და ადგნენ ისინი და ავიდნენ ბეთელში, და დაეკითხენ ღმერთს და თქვეს ისრაელის ძეთ: „რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?” და უთხრა მათ უფალმა: „იუდა წინ!” 19 და ადგნენ ისრაელის ძენი დილით და დაიბანაკეს გიბყასთან. 20 და გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საბრძოლველად, და დადგნენ ისრაელის კაცები საბრძოლო წყობით გიბყას მახლობლად. 21 და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბყადან, და დასცეს იმ დღეს ოცდაორი ათასი ისრაელის კაცი მიწაზე. 22 და მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა, და კვლავ დადგა საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც წინა დღეს იდგნენ. 23 და წავიდნენ ისრაელის ძენი და ტიროდნენ უფლის წინაშე საღამომდე, და ეკითხებოდნენ უფალს: „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?” და თქვა უფალმა: „გადით მათ წინააღმდეგ.” 24 და მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს, 25 და გამოვიდა ბენიამინი გიბყადან მათ წინააღმდეგ მეორე დღეს, და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი. 26 და გაემართა მთელი ისრაელიანობა და მთელი ერი, და მივიდა ბეთელში, და ტიროდნენ უფლის წინაშე. დასხდნენ იმ დღეს და საღამომდე იმარხულეს; და აღავლინეს სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები უფლის წინაშე. 27 და ჰკითხეს ისრაელის ძეთ უფალს: 28 „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად, თუ შევწყვიტოთ?” და უთხრა მათ უფალმა: „გადი. ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.” 29 და ხალხი ჩაასაფრა ისრაელმა გიბყას ირგვლივ. 30 და გაილაშქრეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეების წინააღმდეგ მესამე დღეს, და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბყას წინ. 31 და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ერის წინააღმდეგ, შორს გასცდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად მუსრის გავლება გზებზე, რომელთაგან ერთი ბეთელისკენ მიდის, მეორე – გიბყასაკენ, და ველზე ოცდაათამდე ისრაელის კაცი მოკლეს. 32 და თქვეს ბენიამინის ძეთ: „პირვანდელის მსგავსად ეცემიან ჩვენს წინაშე.” ისრაელის ძეთ კი თქვეს: „გავიქცეთ და გამოვიტყუოთ ისინი ქალაქიდან გზებზე.” 33 და ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და განლაგდა ბაყალ-თამარში, და ისრაელის ჩასაფრებული ხალხი გამოვიდა თავისი ადგილიდან, გიბყას დასავლეთიდან. 34 და მიადგა გიბყას ათი ათასი რჩეული კაცი მთელი ისრაელიდან, და სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ბენიამინის ძეთ არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ. 35 და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე, და მოსპეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეთაგან იმ დღეს ოცდახუთი ათას ასი კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი. 36 და იხილეს ბენიამინის ძეთ, რომ დამარცხდნენ; და ადგილი უტიეს ისრაელის კაცებმა ბენიამინს, რადგან იმედი ჰქონდათ ჩასაფრებული ხალხისა, გიბყას მახლობლად რომ ჰყავდათ ჩაყენებული. 37 და ჩასაფრებულები გაეჩქარნენ და ეკვეთნენ გიბყას, და გამოვიდა ჩასაფრებული ხალხი და მოსრა ქალაქი მახვილის პირით. 38 ისრაელის კაცებს კი ჩასაფრებულ ხალხთან ნიშნად ჰქონდათ დათქმული, რომ ქალაქიდან კვამლის დიდ სვეტს აადენდნენ. 39 და როცა უკან დაიხიეს ისრაელის კაცებმა ბრძოლაში და იწყო ბენიამინმა მუსრვა, და დახოცა ოცდაათამდე ისრაელის კაცი და თქვა: „ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე, როგორც პირვანდელი ბრძოლის დროს”; 40 მაშინ კვამლი აღიმართა ქალაქზე სვეტივით. მოიხედა ბენიამინმა უკან და აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. 41 და გამობრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინის კაცები კი შედრკნენ, რადგან დაინახეს, რომ თავს უბედურება დაატყდათ. 42 და გაექცნენ ისინი ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ომი მაინც წამოეწიათ. და ქალაქიდან გამოსულებმა მოსპეს ისინი თავიანთ შორის. 43 და გარს შემოერტყნენ ბენიამინს, სდიეს მას მენუხამდე, და ჟლიტეს თვით გიბყას აღმოსავლეთამდე. 44 და დაეცა ბენიამინისაგან თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მამაცი ვაჟკაცი. 45 და მობრუნდნენ და უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისაკენ, გაქუსლეს. გზადაგზა ხუთი ათასი კაცი კიდევ დახოცეს; და სდიეს გიდომამდე, და მოსრეს მათგან ორი ათასი კაცი. 46 და მთლიანად იმ დღეს ბენიამინიდან ოცდახუთი ათასი დაეცა, მახვილის ამომწვდელი ყველა მამაცი ვაჟკაცი. 47 და ექვსასი კაცი მობრუნდა და გაიქცა უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისკენ, და იქ იყვნენ რიმონის კლდეში ოთხი თვე. 48 და ისრაელის კაცები კვლავ მიუბრუნდნენ ბენიამინის ძეთ და მოსრეს ისინი მახვილის პირით: მთელი ქალაქი და პირუტყვი, და რაც კი იქ იყო. ასევე ყველა ქალაქი, რაც მათ დაუხვდათ, ცეცხლში დაწვეს.
თავი მეცხრამეტე                                                                                                                        თავი ოცდამეერთე
Newer Post

COMMENTS