HomeUncategorized

მსაჯული 16

ძველი აღთქმა
მსაჯული
161 და ჩავიდა სამსონი ღაზაში, და იქ ერთი მეძავი ქალი ნახა, და შევიდა მასთან. 2 და უთხრეს ღაზელებს: „სამსონი მოსულა აქ.” და გარს შემოადგნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ მას ქალაქის კარიბჭესთან. და მთელი ღამე წყნარად ისხდნენ და ამბობდნენ: „განთიადამდე მოვიცადოთ და მერე მოვკლათ.” 3 და სამსონს ეძინა შუაღამემდე, და ადგა შუაღამისას და ხელი მოხვია ქალაქის კარიბჭის ორივე წირთხლს, ურდულებიანად მოგლიჯა, გაიდო მხრებზე და აიტანა ისინი მთის წვერზე, ხებრონის გადაღმა. 4 და ამის შემდეგ მას ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში, და მისი სახელი იყო დალილა. 5 და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეაცდინე იგი და ნახე, რაშია მისი დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემს.” 6 და უთხრა სამსონს დალილამ: „მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა და რით შეიძლება შენი შეკვრა, კაცმა რომ დაგიმორჩილოს?” 7 და მას უთხრა სამსონმა: „შვიდი ახალთახალი გამოუშრობი ლარით რომ შემკრან, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.” 8 და მიუტანეს დალილას ფილისტიმელთა მთავრებმა შვიდი ახალთახალი გამოუშრობი ლარი, და იმით შეკრა დალილამ სამსონი. 9 ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. და უთხრა დალილამ მას: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ მოედება. და ვერ შეიცნეს მისი ძალა. 10 და უთხრა დალილამ სამსონს: „აჰა, ხომ მომატყუე და გამაწბილე, ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა?” 11 და უთხრა მას სამსონმა: „თუ მე ახალი, უხმარი თოკებით შემკრავენ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.” 12 და აიღო დალილამ ახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. და მან ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე. 13 და უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუე და მაწბილე, ეხლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?” და უთხრა სამსონმა მას: „თუ ჩემი თავის შვიდ ნაწნავს საძახველში ჩაგრეხ და პალოზე მიაბამ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.” 14 მას რომ ეძინა, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახველში ჩაგრიხა; მიაბა პალოზე და უთხრა მას: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და გამოიღვიძა თავისი ძილიდან და საძახველის პალოც ამოგლიჯა და ნაძახიც. 15 და უთხრა მას დალილამ: „როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, რაშია შენი ძალა.” 16 რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული. 17 და გაუმხილა მას ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა, და უთხრა მას: „სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი ვარ დედაჩემის მუცლიდანვე; თავი, რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.” 18 და დაინახა დალილამ, რომ მან გული გაუხსნა. კაცი, გააგზავნა და მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: „ახლა კი ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა.” და ავიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს საკუთარი ხელით. 19 და კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, და მოუხმო კაცებს, და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; და დაიწყო ქალმა მისი მოთრგუნვა, და გამოეცალა სამსონს ძალა. 20 და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.” და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან. 21 და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში. 22 ამასობაში იწყო მისმა თმამ წამოზრდა მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა. 23 და შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისათვის, თავიანთი ღმერთისათვის, და ემხიარულათ, რადგან ამბობდნენ: „ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი.” 24 და უყურებდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს, რადგან ამბობდნენ: „ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის მაოხარი, ის, ვინც მრავალი ჩვენგანი გაწყვიტა.” 25 და კარგ გუნებაზე რომ დადგნენ, თქვეს: „მოუხმეთ სამსონს. დაე, გაგვართოს მან.” და მოუხმეს სამსონს საპყრობილიდან, და მასხრობდა მათ წინაშე; და დააყენეს იგი სვეტებს შორის. 26 და უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელსაც ხელით დაჰყავდა: „ხელი შემავლებინე იმ სვეტებისთვის, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო მათ.” 27 და სახლი სავსე იყო კაცებითა და ქალებით; იქ მოეყარათ თავი ფილისტიმელთა ყველა მთავარს, და ერდოზე სამი ათასამდე კაცი და ქალი იყო, და უყურებდა სამსონის დაცინვას. 28 და შეჰღაღადა სამსონმა უფალს, და თქვა: „უფალო ღმერთო, გამიხსენე, და ოღონდ ამჯერად გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო.” 29 და მოეჭიდა სამსონი ორივე შუათანა სვეტს, რომლებზედაც სახლი იდგა, და მიეყრდნო მათ – ერთს მარჯვენა ხელით და მეორეს მარცხენა ხელით, 30 და თქვა სამსონმა: „მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!” და მოზიდა ძალით, და ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი. 31 და ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლი, წამოასვენეს იგი, და დამარხეს ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის, სამარხში. და იგი განსჯიდა ისრაელს ოცი წელიწადი.
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                      თავი მეჩვიდმეტე
Newer Post

COMMENTS