ძველი აღთქმა
მსაჯული
61 და ჩაიდინეს ისრაელის ძეთ ბოროტება უფლის თვალში, და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით, 2 და დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, და მიდიანის გამო გაიკეთეს ისრაელის ძეთ დარანები, მთებში რომ არის, ასევე გამოქვაბულები და სიმაგრეები. 3 და როგორც კი ისრაელი თესვას მოათავებდა, ამოდიოდნენ მიდიანელნი, ყამალეკნი და აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ, 4 და ბანაკდებოდნენ მათ წინ, და აჩანაგებდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, და არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს. 5 რადგან ამოდიოდნენ თავიანთი ჯოგებითა და კარვებით. მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, და მათ და მათ აქლემებს თვლა აღარ ჰქონდა. და მიდიოდნენ ისრაელის ქვეყანაში მის გასაჩანაგებლად. 6 და მთლად დაგლახაკდა ისრაელი მიდიანის გამო, და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს. 7 და როცა შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს მიდიანის გამო, 8 მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველი კაცი ისრაელის ძეთ, რომელმაც უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ თქვენ მონობის სახლიდან; 9 და გიხსენით თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან და განვდევნე ისინი თქვენი პირისაგან, და მოგეცით თქვენ მათი ქვეყანა, 10 და გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, არ ირწმუნოთ-მეთქი ამორეველებისა, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ მკვიდრობთ, და არ შეისმინეთ ჩემი ხმა.’” 11 და მოვიდა უფლის ანგელოზი, და დაჯდა ყოფრაში, მუხის ქვეშ, რომელიც ეკუთვნოდა იოაშს, აბიყეზერის შთამომავალს; და გედეონი, მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა გადაემალა მიდიანელთაგან. 12 და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, და უთხრა მას: „უფალი შენთანაა, მამაცო მებრძოლო!” 13 და უთხრა მას გედეონმა: „ბატონო ჩემო! უფალი რომ ჩვენთან ყოფილიყო, ყოველივე ეს რისთვის დაგვემრთებდა? აბა, სად არის ყველა მისი სასწაული, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ: ‘ეგვიპტიდან გამოგვიყვანა უფალმა?’ და ახლა მიგვატოვა ჩვენ უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო!” 14 მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან. მე გაგზავნი შენ.” 15 და უთხრა მას: „ვაგლახ, ბატონო ჩემო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა ჩემი საგვარეულო ყველაზე გლახაკია მენაშეს ტომში, და მე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში.” 16 და უთხრა მას უფალმა: „მე ვიქნები შენთან, და ისე მოსრავ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.” 17 და თქვა: „თუ მე მადლი ვპოვე შენს თვალში, რამე ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები. 18 ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, და ძღვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე.” და მან უპასუხა: „დაგიცდი, ვიდრე დაბრუნდებოდე” 19 და წავიდა გედეონი, და მოამზადა თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები. ხორცი კალათში ჩააწყო, და წვენი ქილაში ჩაასხა და გამოუტანა მას მუხის ქვეშ, და მიართვა. 20 და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აიღე ხორცი და ხმიადები და დააწყვე ამ კლდეზე, წვენი ზედ დაასხი.” და ასეც მოიქცა. 21 და გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხის ბოლო, ხელში რომ ეჭირა, და შეახო ხორცსა და ხმიადებს; და ავარდა ცეცხლი კლდიდან, და შთანთქა ხორცი და ხმიადები; და უფლის ანგელოზი თვალს მიეფარა. 22 და დაინახა გედეონმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: „ბატონო უფალო! რადგან პირისპირ ვიხილე უფლის ანგელოზი.” 23 და უთხრა მას უფალმა: „მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები.” 24 და სამსხვერპლო აუგო იქ გედეონმა უფალს, და უწოდა მას: უფალი მშვიდობაა. იგი ამ დღემდე დგას აბიყეზერელთა ყოფრაში. 25 და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი, მამაშენს რომ ჰყავს, და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი; და დაანგრიე სამსხვერპლო ბაყალისა, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე. 26 და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და აიყვანე მეორე მოზვერი და აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.” 27 და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავის მამის სახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა. 28 და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე მოზვერი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი სრულადდასაწველად. 29 და უთხრეს ერთმანეთს: „ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” და გამოიძიეს და გამოიკვლიეს, და თქვეს: „გედეონ იოაშის ძემ ჩაიდინა ეს.” 30 და უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ვაჟი და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა მის გვერდით აჩეხა.” 31 და უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: „ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ უნდა იხსნათ იგი? ვინც მას გამოესარჩლება,იგი განთიადამდე მოკვდება. თუ ღმერთია იგი, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან ვიღაცას დაუნგრევია მისი სამსხვერპლო.” 32 და იმ დღეს ეწოდა მას იერუბაყალი, რადგან თქვა: „თავად ბაყალმა, გასცეს პასუხი, რადგან მან დაანგრია მისი სამსხვერპლო.” 33 და მთელი მიდიანი და ყამალეკი, და ძენი აღმოსავლეთისა შეიყარნენ ერთად, და გადალახეს იორდანე და დაიბანაკეს იზრეყელის ველზე. 34 და უფლის სულმა მოიცვა გედეონი: და მან დააყვირა საყვირი და თავი მოიყარეს აბიყეზერელებმა მის უკან. 35 და მოციქულნი დაგზავნა მენაშეს მთელ ტომთან, და ისიც შეიყარა მის უკან; და გაუგზავნა აშერს, ზებულუნს და ნაფთალს; და გამოვიდნენ ისინი მათ შესახვედრად. 36 და უთხრა გედეონმა ღმერთს: „თუ შენ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც შენ მეუბნებოდი, 37 აჰა, მატყლის საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.” 38 და ასეც მოხდა: მეორე დღეს ადგა დილაადრიან, გამოწურა საწმისი და გამოადინა საწმისს ნამი, წყლით სავსე ერთი თასი. 39 და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იყოს.” 40 და ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს. და მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იყო.