მეორე რჯული 31

აპრილი 29, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
311 და წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელ ისრაელს, 2 და უთხრა მათ: „ას ოცი წლისა ვარ მე დღეს, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. და უფალმა მითხრა მე: ‘ვერ გადახვალ შენ იორდანეს’. 3 თავად უფალი, შენი ღმერთი, გაგიძღვება წინ. ის გაანადგურებს ამ ხალხებს შენი პირისაგან და დაგამკვიდრებს იმ მიწაზე. იესო, წაგიძღვება შენ, როგორც უფალმა თქვა. 4 და ისევე მოექცევა უფალი იმათ, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველთა მეფეებსა და მათ ქვეყანას, რომლებიც გაანადგურა მან. 5 და ხელში ჩაგიგდებთ მათ უფალი, და თქვენ მოექეცით მათ იმ მცნების თანახმად, რომელიც მე გიბრძანე. 6 გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.” 7 და მოუხმო მოსემ იესოს, და უთხრა მას მთელი ისრაელის თვალწინ: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეხვალ ამ ხალხთან ერთად იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, და მას შენ დაუმკვიდრებ მათ. 8 და თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.” 9 და დაწერა მოსემ ეს რჯული, და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეთ, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის ყველა უხუცესს. 10 და უბრძანა მოსემ მათ ასე: „მეშვიდე წელს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე, 11 როცა მთელი ისრაელი მოვა უფლის, შენი ღმერთის, წინაშე გამოსაცხადებლად იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევს, წაიკითხეთ ეს რჯული მთელი ისრაელის წინაშე მათ გასაგონად. 12 შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შესასრულებლად დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. 13 და მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ ცოცხლები იქნებით მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.” 14 და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მოახლოვდა შენი სიკვდილის ჟამი. მოუხმე იესოს და დადექით საკრებულო კარავთან, და მე დავარიგებ მას.” და წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ საკრებულო კარავთან. 15 და გამოცხადდა უფალი კარავში ღრუბლის სვეტით, და დადგა სვეტი ღრუბლისა კარვის შესასვლელთან. 16 და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, შენ წვები შენს მამებთან, ეს ხალხი კი ადგება და სამეძაოდ აეკიდება იმ ქვეყნის უცხო ღმერთებს, რომლის წიაღშიც ის შედის, და მე მიმატოვებს, და დაარღვევს ჩემს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას. 17 და აღიგზნება რისხვა ჩემი მასზე იმ დღეს, და მივატოვებ, და დავუმალავ მათ ჩემს სახეს, შთაინთქმებიან ისინი და შეემთხვევა მას მრავალი უბედურება და გაჭირვება. და იტყვის იმ დღეს: ‘იმიტომ ხომ არ შემემთხვა ეს უბედურება, რომ ღმერთი არ არის ჩემში?’ 18 და მე დამალვით დავუმალავ ჩემს სახეს იმ დღეს ყველა იმ ბოროტების გამო, რომელსაც იზამენ, რადგან მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ. 19 და ახლა ჩაიწერეთ ეს გალობა, და ისრაელის ძეთ ასწავლეთ იგი, ჩაუდევი მათ ბაგეებში, რათა იყოს ეს გალობა ჩემთვის მოწმობად ისრაელის ძეებზე. 20 რადგან მე მას შევიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს, სადაც მოედინება თაფლი და რძე, და შეჭამს, და გაძღება და გასუქდება, და მიბრუნდება სხვა ღმერთებისკენ, და მათ დაემსახურება, და განმარისხებს, და ჩემს აღთქმას დაარღვევს. 21 და, როცა შეემთხვევა მას მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს გალობა მოწმედ იქნება მის წინაშე, ვინაიდან არ მიეცემა დავიწყებას მისი შთამომავლობის ბაგეში. მე ვიცი მისი ზრახვა, რომელსაც ის განიზრახავს დღეს, სანამ შევიყვანდე იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი.” 22 და ჩაწერა მოსემ ეს გალობა იმ დღეს და შეასწავლა იგი ისრაელის ძეთ. 23 და უბრძანა უფალმა იესო ნავეს ძეს და უთხრა: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში, რომელიც მე მათ ფიცით აღვუთქვი, და მე ვიქნები შენთან.” 24 და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, 25 უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, ასე: 26 „აიღეთ ეს რჯულის წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ შენს წინააღმდეგ. 27 რადგან მე ვიცი შენი ურჩობა და შენი სიჯიუტე: და აჰა, როცა მე ვცხოვრობ თქვენთან დღეს, ეურჩებოდით უფალს. და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ? 28 შემიკრიბეთ თქვენი ტომების ყველა უხუცესი და თქვენი ზედამდგომელნი და მე ვიტყვი მათ გასაგონად ამ სიტყვებს, და მათ წინააღმდეგ მოწმედ მოვიყვან ცასა და მიწას. 29 რადგან მე ვიცი, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაირყვნებით და გადაუხვევთ იმ გზას, რომელიც მე გიბრძანეთ. და შეგემთხვევათ უბედურება მომავალ დღეებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალწინ, განარისხებთ მას თქვენი ხელის ნამოქმედარით.” 30 და წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად ამ გალობის სიტყვები ბოლომდე:
თავი ოცდამეათე                                                                                                                 თავი ოცდამეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close